logo
ENG



ბაქრაძე: 150 ლარიანი კომპენსაცია არ ითვალისწინებს მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ფენებს

14 აპრ 202014:39
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის მხრიდან 150 ლარიან დახმარებას აფასებენ „ევროპულ საქართველოში“. პარტიაში ამ ნაბიჯს მიესალმებიან, თუმცა მის ფორმასა და მოცემულობაზე საუბრობენ.

დავით ბაქრაძის თქმით, მაშინ როდესაც ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 199 ლარია, ასეთი კომპენსაცია არაადეკვატურია.

ბაქრაძე ამბობს, რომ დახმარებას ვერ იღებენ ყველაზე გაჭირვებული ფენები - პენსიონერები, სოფელში მცხოვრები ადამიანები, სოციალურად დაუცველები და თვითდასაქმებულები, რაც სამართლიანი არაა.

„საარსებო მინიმუმი არის 199 ლარი და იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება საარსებო მინიმუმზე ნაკლებს აძლევს მოსახლეობას და თან არ ითვალისწინებს მათი საწყისი ხელფასის ზომას, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება სამართლიანი კომპენსაცია. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ეს კომპენსაცია არ ითვალისწინებს მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ფენებს. მესამე მიზეზი გახლავთ ის, რომ ცალკე აღებული სახელფასო კომპენსაცია, თუ ის არ იქნა სხვა კომპლექსურ ნაბიჯებთან ერთად, როგორიც არის გადასახადების შემცირება, საპენსიო ფონდიდან შენატანების გატანის მიცემის საშუალება, რომლითაც თითოეული ოჯახი მინიმუმ 500 ლარს აიღებს. ამ ყველაფერთან და კომპლექსურ ზომებთან ერთად ჩამოყალიბების გარეშე, ცალკე აღებულ 150 ლარს ვერ ექნება ამ ვითარებაში მოსახლეობის დახმარების და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ფუნქცია“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პანდემიის გამო უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანები, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიური სუბსიდიის სახით 150 ლარს მიიღებენ.


close დახურვა