logo
ENG



ბაქრაძე: გათავისუფლებას დიდი ხანია ველი, სასიამოვნო იქნებოდა მედიიდან არ გამეგო

09 სექ 202419:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/09/rvvrb8l1151tq2u.jpg

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ლაშა ბაქრაძე ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია მედიიდან გაიგო.

ბაქრაძის თქმით, გათავისუფლება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა.

"სამსახურიდან გაგდებას მე უკვე დიდი ხანია, მოველი. შეიძლება ითქვას, უკვე რამდენიმე წელიც არის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვმონაწილეობდი სხვადასხვა პროტესტში და მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში წამოვედი, ჩემთვის ცხადზე ცხადი იყო, რომ ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე ჩემი ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდებოდა.

ჩემთვის ლიტერატურის მუზეუმი არის ძალიან ძვირფასი, ძალიან მიყვარს, ჩემს თანამშრომლებთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს წლები, რაც გავატარე ლიტერატურის მუზეუმში. 14 წელია, იქ ვმუშაობ და ისედაც, გულახდილად რომ ვთქვა, მე არ ვარ მომხრე, ადამიანები მთელი ცხოვრება ერთ ადგილას მუშაობდნენ, მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი სიყვარულისა ამ მუზეუმის მიმართ. [...]

ცხადია, რომ გამათავისუფლებდნენ, მაგრამ სასიამოვნო იქნებოდა, სულ ცოტა, ის მაინც, რომ ეს ინფორმაცია არა მედიიდან გამეგო, ან კულტურის სამინისტროს საიტზე დადებული მენახა, არამედ სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა, მაგრამ ამას უკვე, მე ვფიქრობ, ახლა მნიშვნელობა არა აქვს", -თქვა ბაქრაძემ.

ლაშა ბაქრაძე გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

3 სექტემბერს ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლაშა ბაქრაძემ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე თქვა:

"ჩვენ გვერდით დგანან თინა, ქალბატონი თამარი, ქალბატონი სოფო, აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა, ბოდიში და, იმ "ნახმარ სახეებს", რომლებიც აქვთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს".

4 სექტემბერს ბაქრაძემ ამ განცხადებასთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა და დაწერა, რომ არასწორი სიტყვა გამოიყენა.

კულტურის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ბაქრაძემ ჩაიდინა "დისციპლინური გადაცდომა".


close დახურვა