ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გასამართი მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რაზე საუბრობენ პოლიტიკური პარტიები დახურულ კარს მიღმა.
ბაქრაძის თქმით, დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ საზოგადოებას ეცოდინება თუ ვინ რაზე საუბრობს.
"საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რაზე მიდის საუბარი, ვინ რაზე თანხმდება, ვინ რას სთავაზობს, რადგან ეს გახლავთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი. ამდენი ხანი ეს არ ხდებოდა ჩვენი მეგობრების პოზიციის გათვალისწინებით, მაგრამ ვფიქრობ, მივედით იმ წერტილამდე, რომ ყველაფერი უნდა გასაჯაროვდეს. პირადად ჩემი პოზიციაა, რომ ამ საკითხს დღეს მოლაპარაკებებზე დავაყენებთ და დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ დეტალურად მოგახსენებთ თუ ვინ რაზე საუბრობს", - აღნიშნა ბაქრაძემ.
ის გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხო, რომლის თანახმადაც რამდენიმე ოპოზიციონერი პარლამენტში შესვლას საარჩევნო კოდექსის ცვლილების სანაცვლოდ აპირებს და განაცხადა, რომ ეს იქნება გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია.
"შესვლა-არშესვლაზე ევროპული საქართველოს პოზიცია მკაფიოა - ჩვენი ორი მთავარი მოთხოვნა უკავშირდება პოლიტპატიმრებსა და რიგგარეშე არჩევნებს. მხოლოდ საარჩევნო ცვლილებებით ჩვენ ვერ და არ განვიხილავთ პოზიციის შეცვლას. მე ვერ ვისაუბრებ ყველა სხვა პარტიის მაგივრად. ახლა მოვდივარ პარტიების შეკრებიდან, ყველა პარტია იგივეს საუბრობს. შეგნებულად არ მინდა სახელი და გვარები ვახსენო, არ მინდა, კომენტარით რაიმე დავაზიანო ან საბაბი მივცე, კომენტარით გვარის ხსენება რამისთვის გამოიყენოს. ამიტომ ყველანაირ გვარს ვარიდებ თავს. ვიტყვი მხოლოდ ერთს - იმ პირობებში, როდესაც ქართული ოცნება არ მოდის რიგგარეშე არჩევნებზე, არ მოდის პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, მხოლოდ საარჩევნო კოდექსის გამო პარლამენტში შესვლა ევროპულ საქართველოს მიგვაჩნია ქართული ოცნებისთვის გამოსავლის შეთავაზებად, მიგვაჩნია გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციად. ამიტომ, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ და იმედი მაქვს, არც ერთი სხვა პარტია ამას არ გააკეთებს", - აღნიშნა ბაქრაძემ.
ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების IV რაუნდი დღეს, 8 დეკემბერს შედგება. III რაუნდი გუშინ, 7 დეკემბერს გაიმართა.
მოლაპარაკების საკითხი ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტის ფონზე, მათი მოთხოვნები და ხელისუფლებისთვის შეთავაზებული წინადადებებია - ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
ოპოზიციამ ხელისუფლებას წერილობითი შეთავაზებაც გაუკეთა - ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად შეთავაზების ერთ-ერთი პუნქტი 2021 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის ჩატარებაა. სწორედ ეს საკითხები განიხილეს ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 7 დეკემბრის სხდომაზე.
- შეთავაზებაზე, რომლის დოკუმენტიც ფორმულამ მოიპოვა, ვრცლად წაიკითხეთ აქ.
შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით მიმდინარეობს. პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბება, თუმცა მოლაპარაკებები ამ დრომდე კონკრეტულ შედეგამდე ჯერჯერობით არ მისულა.
საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს. ამ დრომდე ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.
ხელისუფლება აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს. 7 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ, რომელიც, ირაკლი კობახიძესთან ერთად, მოლაპარაკებებზე ხელისუფლებას წარმოადგენდა, თქვა, რომ განმეორებით არჩევნებს ან პლებისციტს ქართული ოცნება არ განიხილავს. თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ერთიანი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.