„ხელისუფლება უკვე ცდილობს საკუთარ პარტიულ ინტერესებს მოარგოს მაჟორიტარული ოლქები,“ - ამის შესახებ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე, მაჟორიტარული მანდატების ოლქების მიხედვით გადანაწილებასთან დაკავშირებით აკეთებს.
მისი განცხადებით, ოპოზიციის გარეშე საარჩევნო სისტემის მოფიქრებას და საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლების ვერსიებით გამოსვლას არანაირი აზრი არ აქვს.
„ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მცდელობა საკუთარ პარტიულ ინტერესებს მოარგოს მაჟორიტარული ოლქები და შეამციროს მათი რაოდენობა იქ სადაც განსაკუთრებით უჭირს, მაგ. თბილისსა და იმერეთში. როგორც ჩანს განვლილმა თვეებმა ხელისუფლებას ვერ გამოატანინა სწორი დასკვნა, რომ ოპოზიციის გარეშე საარჩევნო სისტემის მოფიქრებას და საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლების ვერსიებით გამოსვლას არანაირი აზრი არ აქვს. საბოლოო შეთანხმება ღირებული იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მას დაეთანხმება ოპოზიცია. და ეს იყო ამ განვლილი თვეების კრიზისის მთავარი გაკვეთილი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მთავარი მოთხოვნა. ჩვენ ასეთი კონსულტაციებისთვის მზად ვართ უახლოესი დღეების განმავლობაში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის თინა ბოკუჩავას თქმით, მაჟორიტარული ოლქების განაწილების დროს დაცული უნდა იყოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საზღვრები და ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
„თავად ამ 30 მაჟორიტარული ოლქის განაწილების საზღვრები არის შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი იმიტომ, რომ იქ წერია - დაცული უნდა იყოს ვენეციის რეკომენდაციის საზღვრები ისევე, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ არ შეიძლება გვქონდეს ძალიან განსხვავებული წონის და რაოდენობის ოლქები. მაქსიმალური განსხვავება არის 15 %. ჩვენ ჩვენეულ ვერსიას რა თქმა უნდა წარვადგენთ, რომელსაც ვათანხმებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და იმედი გვაქვს, რომ იმ შეთანხმების სულისკვეთებიდან გამომდინარე, რომელსაც თავად ხელისუფლებამ მოაწერა ხელი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მედიაციით ამ საკითხზეც გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდი უნდა გაიმართოს. მხარეებმა 30 მაჟორიტარული მანდატი ოლქების მიხედვით უნდა გადაანაწილონ. როდის შედგება შეხვედრა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მმართველი გუნდის ინიციატივით დედაქალაქში 7 ოლქი იქნება.
ოლქების გადანაწილება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს უნდა აკმაყოფილებდეს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ინიცირებულ კანონ-პროექტს მაჟორიტარი დეპუტატებიც დაუჭერენ მხარს.
ერთადერთი ვისაც განსხვავებული მოსაზრება აქვს კახა ოქრიაშვილია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოქრიაშვილთან პარტია ინდივიდუალურ კონსულტაციებს აწარმოებს. ოლქებზე შეთანხმება 10 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს.