logo
ENG



ბაღდათის მერი ხანძრისას დაღუპულებზე: სახლში ყოველგვარი ნებართვის გარეშე იყვნენ შესულები

04 თებ 202007:50
3 წუთის საკითხავი
 

ბაღდათში ტრაგიკულ შემთხვევას მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ დაღუპულები სახლში უნებართვოდ იყვნენ შესახლებულები. 

„ამ სახლში ყოველგვარი ნებართვის გარეშე იყვნენ შესულები. სახლი მიტოვებულია, არც აღრიცხვაზეა როგორც აბონენტი - არც შუქი იყო და არც გაზი. მოხდა ასეთი უბედურება“, - აცხადებს მერი.

იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის უფროსის ვლადიმერ ჯღამაძის თქმით კი, სამაშველო ბრიგადები შეტყობინების შემოსვლიდან 2 წუთში მივიდნენ ადგილზე, ხოლო ჯამში ხანძრის ჩაქრობას 25 მეხანძრე ცდილობდა.

„ბაღდათის სამაშველო განყოფილების ორი ავტოციტერნა მეხანძრე-მაშველებით შეტყობინებიდან ორ წუთში გამოცხადდა ადგილზე. დაიწყო ხანძრის ქრობითი სამუშაოები, ჯამში ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იქნა მობილიზებული, ჯამში 25 მეხანძრით. სამწუხაროდ, სახლში აღმოჩენილი იქნა ორი ქალბატონისა და ოთხი მცირეწლოვნის გვამი“, - განაცხადა ჯღამაძემ.

გარდაცვლილთა მეზობელი შორენა მსხვილიძე მიიჩნევს, რომ იმდენად ძლიერი ხანძარი იყო, რომ სახლში მყოფებს გადარჩენის შანსი არ ქონდათ.

„ათი საათი იყო, შეიქმნა კივილი, გამოვცვივდით და იყო ხანძარი. იყო მობილიზებული სახანძრო მანქანები, მაგრამ ისეთი ხანძარი იყო, ვერ გადარჩებოდი. შენობა იყო ხის და მიტოვებული. შესახლებულან თავისი ჭკუით დედა შვილებით. ამბობენ, ცეცხლი ბუხრის საშუალებით გაჩნდა. როგორც ჩანს, ცეცხლი აყვა საკვამურს და მოედო ხის შენობას“, - აცხადებს მსხვილიძე. 

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, გავრცელებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება და სავარაუდოდ ხანძარი შეშის გამათბობელმა გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო. 

შეგახსენებთ, რომ ბაღდათში ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა - აქედან ოთხი მცირეწლოვანია.

 

 

 

 

 


close დახურვა