თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, მისი შვილის საქმეზე გამოძიება მკვლელობის მუხლით უნდა დაიწყოს.
"აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება მკვლელობის მუხლით. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყონ თავიდან", - ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.
თამაზაშვილი ამბობს, რომ მისი შვილის ტელეფონში ყველაფერი წაშლილი იყო. მისი თქმით, მან შვილს არაერთხელ დაურეკა, თუმცა ტელეფონში მისი ზარი და შეტყობინება ასახული არ იყო.
"ყველაფერი ზუსტადაც მიანიშნებს და ამტკიცებს იმას, რომ ყველაფერი წაშლილია ტელეფონში და Whatsapp-ში პირველ რიგში, სადაც დაურეკეს თამარს და გაიტყუეს სახლიდან საქმის გასარჩევად.
შოთაძეს მივმართავ, კეთილი ინებონ და დაიწყონ გამოძიება. მტკიცებულებები საკმარისია და საკმარისზე მეტიც არის, რომ დაიწყონ გამოძიება. თუ არადა, პირდაპირ უკვე მიუთითებს მაგათ მფარველობაზე, რომ მფარველობენ მკვლელებს და აყალბებენ ყველაფერს", - განაცხადა თამაზაშვილმა.
გუშინ, შაბათის ფორმულამ ჩაწერა 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე, რომელიც აქამდე უცნობ დეტალებს ჰყვება. გამომძიებლის თქმით, საქმის გამოძიება გაყალბდა.
საქმის გამომძიებელი შაბათის ფორმულასთან რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე საუბრობს. თამარ ბაჩალიაშვილის საქმის დღემდე უცნობი ეპიზოდი, მის მობილურ ტელეფონს უკავშირდება. სერგო შუბითიძე იყო ის გამომძიებელი, ვინც ბაჩალიაშვილის ტელეფონი ჩაიბარა და შემდეგ მასში შენახული ინფორმაცია გადაამოწმა. გამომძიებელი საქმის გაყალბების ათვლის წერტილად სწორედ იმ მომენტს ასახელებს, როცა მის კაბინეტში დეტექტივის თანაშემწე, ელგუჯა აპუაშვილი მივიდა, გახსნილი ტელეფონი ე.წ. ლუქთან ერთად მიუტანა და უთხრა, რომ თავიდან უნდა დაელუქა.