23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მის სახლში უცხო პირი იმყოფებოდა, რომელიც მისი თქმით, კარადაში რაღაცას ეძებდა.
აღნიშნულზე თეონა თამაზაშვილმა "ფორმულას" გადაცემა "პოლიტმეტრში" ისაუბრა.
თამაზაშვილის თქმით, აღნიშნული პირი მეზობლებმა შეამჩნიეს და ის ვერ იცნეს.
"მე ძალიან ცუდად ვიყავი, გამთიშეს ფაქტიურად მედიკამენტებით, იმიტომ, რომ გული მიმდიოდა. აქ ვინც იყვნენ მეზობლებმა შეამჩნიეს, რომ შემოსასვლელ კარადაში, სადაც სარკეებია და გადაფარებული იყო ზეწარი იქექებოდა იმ კარადაში.
გაუკვირდათ, "რას აკეთებ აქ, ვინ ხარო" და უთხრა, რომ მეზობელი ვარო. ჩემმა ნათესავებმა უთხრეს, რომ ყველა მეზობელს ვიცნობთ და შენ არ გიცნობთო. მე აქ ვალაგებ რაღაცასო. არ ვიცი რას ეძებდა იქ. შეამჩნიეს იმ კარადასთან, მანამდე შეიძლება სხვა ადგილასაც ჰქონდა მოქმედებები",-განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
თეონა თამაზაშვილმა გადაცემაში ასევე თქვა, რომ უცხო პიროვნება მას შემდეგ არავის უნახავს. მისი თქმით, პირი შესაძლოა ჟურნალისტების კამერებში იყოს დაფიქსირებული.
"გარეთ ჟურნალისტების კამერა მუდმივად იყო ჩართული და შეიძლებოდა, რომ იქ შემსვლელ-გამსვლელი ყველა დაემახსოვრებინა კამერას. ამიტომ თუ არის კადრები, კადრებში იმ პიროვნების ამოცნობა შეიძლება",-ამბობს თამაზაშვილი.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.
29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.