logo
ENG



ბაჩალიაშვილის დედა შსს-ში შეხვედრაზე: ყველა კამერა უნდა ამოიღონ და გაშიფრონ

05 აგვ 202013:55
3 წუთის საკითხავი
 
f7gn88zly5hd9t7.jpeg

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ საქმეში დრონის მასალები არსებობს, რომლის გაშიფვრასაც დრო სჭირდება.

თამაზაშვილის თქმით, დრონის კადრების გარდა, საგამოძიებო უწყებამ უნდა ამოიღოს ყველა იმ კამერის ჩანაწერი, რომელსაც შეიძლებოდა მისი შვილი დაეფიქსირებინა.

"გავეცანი დაკითხვის ოქმებს და წავიკითხე. ყველამხრივ მიმდინარეობს მუშაობა. ყველა კამერა უნდა ამოვიღოთ და გავშიფროთ, სადაც მოძრაობდა თამუნა. ეს იყო ყველაფერი.

საქმეში არსებობს დრონის კადრები, გადმოსაწერია და მაგასაც დრო უნდა. ახლა მაინც მაჩვენეს მასალები და რაღაცა... აქამდე სრულ ვაკუუმში ვიყავი", - განაცხადა თამაზაშვილმა. 

ბაჩალიაშვილის დედამ ჟურნალისტებთან ბაჩანა ლობჟანიძის შესახებაც ისაუბრა. თამაზაშვილის თქვით, გამოსაკვლევია თუ საიდან მოვიდა და ვინ არის პიროვნება, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარია. 

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს მამუკა ჭელიძეს შეხვდნენ. 

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და აშშ-ის საელჩოს სთხოვს, გამოძიებაში ამერიკელი სპეციალისტები ჩაერთონ.


close დახურვა