23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა ფიქრობს, რომ მისი შვილის ტელეფონიდან ინფორმაცია წაშლილია. ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, გამოძიება საქმეზე კვალის წაშლას ცდილობს.
როგორც ბაჩალიაშვილი აცხადებს, ის გამოძიებას არ ენდობა, თუმცა ნდობას უცხადებს პროკურატურას.
ბაჩალიაშვილების ოჯახი პრემიერმინისტრ, გიორგი გახარიას შეხვედრას ისევ სთხოვს.
"ადვოკატის გარეშე არ უნდა გაეხსნათ ტელეფონი, რაც ლეპტოპზე გააკეთეს იგივე დაგვხვდა აქაც. მანქანის თაობაზეც იმედი არ მაქვს. ყველაფერი იქნება წაშლილი, ყველანაირ კვალს აქრობენ...
მე უფრო პროკურატურას, ბატონ შოთაძეს ვენდობი ვიდრე იმათ (შსს-ს). მიხვალ იგივე ზღაპრებს გიყვებიან. ამიტომაც ვთხოვ მთავრობის მეთაურს ჩაერთოს საქმეში, იმის შიში მაინც ექნებათ, ძალა აქვს გახარიას",-აცხადებს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.
ჯუმბერ ბაჩალიაშილის განცხადებით, ექსპერტიზის პასუხი, თუ რა გახდა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. როგორც გარდაცვლილის მამა ამბობს, გამოძიება საქმეს სპეციალურად აჭიანურებს.
"არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს, რატო აჭიანურებენ? საქმეც მაგაშია ეტყობა მაგის უკან ვინც დგას ეუბნება გაჩერდით, გაჩუმდით...
ერთი რამე ვიცი, რომ შვილი მომიკლეს, ნიჭიერი ბავშვი მომიკლეს, ჩათვალეთ რომ მეც მომკლეს და ამის უკან ვინ დგას?! ეს საქმე როდის გაიხსნება?! რისი იმედი უნდა მქონდეს?! არ ჩაერთვება მთავრობის მეთაური, აქ უკვე ვატყობ ყველანაირად სხვანაირად მიდის საქმე",-ამბობს ბაჩალიაშვილი.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონზე ექაპერტიზა 24 ივლისს დაიწყო, თუმცა ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილი არ იყო.
რამიშვილი კიდევ ერთხელ უცხადებს გამოძიებას უნდობლობას და პროკურატურას მიმართავს, რომ ავტომობილის გახსნა მისი დასწრების გარეშე არ მოხდეს.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს