logo
ENG



ბაჭულაშვილის მტკიცებით, ბაჩალიაშვილის მამისთვის მას არ უთქვამს, რომ მისი შვილი „შარში იყო“

27 ივლ 202017:11
3 წუთის საკითხავი
 

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მამის მიერ დასახელებული პიროვნება, ლადო ბაჭულაშვილი, უარყოფს, რომ მან ბაჩალიაშვილის მამას უთხრა, რომ მისი შვილი „შარში იყო“.

როგორც ბაჭუაშვილი ირწმუნება, მას გარდაცვლილის კომპიუტერთან შეხება არ ჰქონია. მისი თქმით, ის გამომძიებელმა ამოიღო და ექსპერტიზაზე წაიღო.

„მე საერთოდ არ მითქვამს ასეთი რამ. კომპიუტერთან შეხება არ მქონია. კომპიუტერი ამოიღო გამომძიებელმა და წაიღო ექსპერტიზაზე. ყოველდღიური კომუნიკაცია მქონდა ოჯახთან, ორჯერ შეხვედრა მქონდა, პლუს სატელეფონო კავშირი მქონდა. დაწვრილებით ვაკონკრეტებინებდი, რა ეცვა, სად წავიდა, სად შეიძლება წასულიყო, თუ იყო ოდესმე წასული. ეს იყო ჩემი მხრიდან გამოკითხვა“,-აცხადებს ლადო ბაჭულაშვილი.

ბაჭულაშვილის თქმით, მას ბაჩალიაშვილის ოჯახისთვის არც ის უთქვამს, რომ დაკარგული შვილის ძიების მოთხოვნით აქციის გამართვა საჭირო არ იყო.

როგორც ბაჭუაშვილი ამბობს, აქციის ღამეს, მას ბაჩალიაშვილის მამასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

„აქციის დღეს საერთოდ არ მქონია მაგ კაცთან შეხება. შეიძლება სატელეფონო მქონდა დილას, მაგრამ საღამოს არ მქონია. მე ვეუბნებოდი, რომ ჩართულია ყველა სამსახური, საგამოძიებოც, სამაშველოც, დრონიც, სულ ყველა სამსახური იყო ჩართული. პირველ დღესვე ვუთხარტი ჩემი სახელი და გვარი და საკუთარი ტელეფონი“, - განაცხადა ბაჭულაშვილმა.

რუსთავის სამხარეო პოლიციაში გადასვლამდე, ნიკოლოზ ბაჭულაშვილი  თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მისი სახელი ფიგურირებს 2019 წლის 20-21 ივნისის აქციებზე, ასევე 31 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციისას, სადაც სამართალდამცველებმა მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი აიღეს. აქტივისტი გიგა მაქარაშვილი იხსენებს, რომ ის ამ დღეს აქციის მონაწილეების დაკავებისას განსაკუთრებით აქტიურობდა.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მელია აცხადებდა, რომ ბაჭულაშვილი მის დაკავებაში იყო ჩართული.

ლადო, იგივე ნიკოლოზ ბაჭულაშვილი, ნაციონალური მოძრაობის დროს პოლიციის დეპარტამენტიდან გაათავისუფლეს. როგორც დეკლარაციებიდან ირკვევა, ის თანამდებობაზე 2012 წლის შემდგომ დაბრუნდა და პოლიციის დეპარტამენტში მაღალ თანამდებობეს იკავებდა.

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მამამ დღეს, 27 ივლისს, თქვა, რომ სწორედ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილია, ის პიროვნება, ვინც უთხრა, რომ მისი შვილის კომპიუტერი გახსნა და ის „შარში იყო“.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის ცხედარის აღმოჩენამდე ერთი დღით ადრე ბაჩალიაშვილის ოჯახმა და მეზობლებმა ქვემო ფონიჭალაში აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს.

ოჯახის წევრები გამოძებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებდნენ.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.


close დახურვა