logo
ENG



ბელარუსი სპორტსმენი, რომელმაც ქვეყანაში დაბრუნებაზე უარი თქვა, ვარშავაში ჩაფრინდა

04 აგვ 202123:00
3 წუთის საკითხავი
 
ბელარუსი სპორტსმენი, რომელმაც ქვეყანაში დაბრუნებაზე უარი თქვა, ვარშავაში ჩაფრინდა

ბელარუსი მძლეოსანი, ქრისტინა ტიმანოვსკაია, რომელმაც უარი თქვა ქვეყანაში დაბრუნებაზე, ვარშავაში ჩაფრინდა. პოლონეთმა მას ჰუმანიტარული ვიზა მისცა.

სპორტსმენმა ტოკიო 4 აგვისტოს დატოვა. ვარაუდობდნენ, რომ ის პირდაპირ პოლონეთში ჩავიდოდა, თუმცა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ის ჯერ ვენაში ჩაფრინდა, იქიდან კი ვარშავაში გადაფრინდა.

პირველ აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის ოლიმპიურმა კომიტეტმა ტიმანოვსკაია გარბენიდან მოხსნა და ტოკიოდან მისი მინსკში დაბრუნება გადაწყვიტა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სპორტსმენმა საჯაროდ გააკრიტიკა სპორტული ხელმძღვანელობა იმის გამო, რომ გაუფრთხილებლად მისი დამატებით დისტანციაზე გაყვანა გადაწყვიტა. ტოკიოს აეროპორტში ტიმანოვსკაიამ დახმარება პოლიციას სთხოვა და განაცხადა, რომ სამშობლოში მისი დაბრუნება უსაფრთხო არ იქნება.

სპორტსმენი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ მოინდომეს მისი დაბრუნება, რადგან "პოლიტიკასთან დაკავშირებული არაფერი უთქვამს". 

"როცა დავრწმუნდები, რომ ბელარუსში ჩემთვის უსაფრთხოა, მაშინ შემეძლება დაბრუნება და ძალიან მინდა სახლში დაბრუნება", - აღნიშნა სპორტსმენმა. 

ჰუმანიტარული ვიზის მიღებით ტიმანოვსკაია ახლა პოლონეთის მთავრობის დაცვის ქვეშ იქნება. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ჰუმანიტარული ვიზა მიიღო მისმა ქმარმა.

ბელარუსში დაბრუნებაზე უარი თქვა კიდევ ერთმა სპორტსმენმა, იანა მაქსიმოვამ. ის ოჯახთან ერთად გერმანიაში დარჩენას აპირებს, სადაც ამჟამად იმყოფება.


close დახურვა