logo
ENG



ბელარუსის უწყება: გალუზინი-ზურაბაშვილის დიალოგი შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს

25 ნოე 202621:26
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/25/qs2nfd84kfk8y23.png

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, 19 ნოემბერს მინსკში გამართული შეხვედრის შემდეგ, მიხაილ გალუზინმა და გიორგი ზურაბაშვილმა მოლაპარაკებები შესაძლოა მოსკოვსა და თბილისში გააგრძელონ.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო ТАСС-ის ცნობით, რიჟენკოვმა ამის შესახებ 25 ნოემბერს გომელში, ბელარუსისა და რუსეთის საგარეო უწყებების კოლეგიების ერთობლივი სხდომის შემდეგ ისაუბრა. მინისტრის თქმით, მინსკის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ორივე მხარის წარმომადგენლებისგან მიიღო.

„მხარეებმა ურთიერთნდობის განმტკიცებაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, რამაც შესაძლებელი გახადა შემდგომი მოლაპარაკებების უკვე ორი ქვეყნის დედაქალაქებში გადატანა“,  განაცხადა რიჟენკოვმა და დაამატა, რომ მინსკში ამას შეხვედრის მთავარ შედეგად მიიჩნევენ.

აღნიშნულ შესაძლებლობაზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუკეთებია და არც რუსულ მხარეს.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი ,,ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში  ,,ოცნების'' პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ მხარეებმა „რიგი შეთანხმებების“ მიღწევის შესახებ განაცხადეს. მოგვიანებით გალუზინმა დააზუსტა, რომ ამ ფორმატში შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს და  ,,ოცნიებს" თბილისის ინიციატივით, მხარეები საავტომობილო გადაზიდვებისთვის დამატებითი ნებართვების გაცემაზეც შეთანხმდნენ.

თავის მხრივ, მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განმარტა, რომ ქართულ მხარეს შეხვედრის ადგილად მინსკის შერჩევის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა და მთავარი დიალოგის დროულად გამართვა იყო. მინისტრის მტკიცებით, აღნიშნულ კონტაქტებს „არაფერი აქვს საერთო“ არც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ნაწილობრივ აღდგენასთან და არც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ჩანაცვლებასთან.

ახალ ფორმატს კრიტიკულად აფასებენ დიპლომატები და ანალიტიკოსები. „საქართველოს დიპლომატთა საზოგადოებაში“ მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებების მინდობა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილისთვის „დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმას“ წარმოადგენს, ხოლო ადგილად მინსკის არჩევა საგარეო კურსის ცვლილებაზე მიუთითებს.

ანალიტიკოს გიორგი მელაშვილის შეფასებით კი, ვიდრე მოსკოვს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ე.წ. საელჩოები აქვს გახსნილი, რუსეთთან ამ დონეზე პირდაპირი დიალოგის დაწყება საქართველოს არაღიარების პოლიტიკას აზიანებს.


close დახურვა