logo
ENG



ბელარუსის შეიარაღებული ძალები ლიეტუვის საზღვართან წვრთნებს იწყებს

17 აგვ 202010:51
3 წუთის საკითხავი
 
ozi2uo0hg8t383x.jpg

ბელარუსი შეიარაღებული ძალების წვრთნას იწყებს ლიეტუვის საზღვართან, ქალაქ ოსტროვეცთან, გოჟსკისა და ნემანის პოლიგონებზე. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, 17-დან 20 აგვისტოს ჩათვლით, სამხედრო პოლიგონებზე ჩატარდება სარაკეტო დანაყოფებისა და არტილერიის ტაქტიკური სწავლება. სარაკეტო ძალებისა და საარტილერიო დანაყოფები შეასრულებენ საბრძოლო ამოცანებს დანიშნულ ობიექტებზე.

თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, საჰაერო-სადესანტო ბრიგადა მესაზღვრეებთან ერთად იმუშავებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის გაძლიერების საკითხებზე. ამავე პერიოდში კი ობუზ-ლესნოვსკის და გოჟსკის სასწავლო პოლიგონებზე, სატანკო და მექანიზირებული მე-6 და მე-11 ბატალიონების დაგეგმილი საბრძოლო მომზადება გაიმართება.
რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ადასტურებს მზაობას, რომ საჭირო დახმარებით უზრუნველყოს ბელარუსი შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად, მოკავშირე სახელმწიფოს შეთანხმების პრინციპების მიხედვით. ასევე, თუკი აუცილებელი იქნება, რუსეთი მზადაა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის მიმართულებითაც იმოქმედოს.

15 აგვისტოს ბელარუსში შექმნილი ვითარება ალექსანდრე ლუკაშენკომ ვლადიმერ პუტინთან განიხილა. ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. კრემლის ცნობით, პრეზიდენტები დარწმუნებული არიან, ბელარუსში წარმოქმნილი ყველა პრობლემა მალე მოგვარდება.

ვლადიმერ პუტინთან დარეკვამდე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები არა მხოლოდ ბელარუსისთვის, არამედ მოკავშირე რუსეთისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს.

 


close დახურვა