logo
ENG



ბელარუსის შსს: კვირას აქციებზე მილიციამ 442 ადამიანი დააკავა

21 სექ 202015:28
3 წუთის საკითხავი
 
b39w2uxxi69427g.jpg

მინსკში გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე გუშინ 442 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, სულ ქვეყნის მასშტაბით გუშინ 24 აქცია გაიმართა. აქციებში მონაწილეობა 20 ათასმა ადამიანმა მიიღო, მათგან 18 ათასი მხოლოდ მინსკის აქციაში მონაწილეობდა.

რაც შეეხება ბრესტს, მილიციამ დაადასტურა, რომ იქ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი მედიის ინფორმაციით, გუშინდელ აქციებში 100 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.  

უკვე 40 დღეზე მეტია, ბელარუსში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგები თავისუფალი სამყაროს არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია.

ევროპული საბჭოს სხდომაზე არჩევნების შედეგები არ ცნო ევროკავშირის წევრმა არც ერთმა ქვეყანამ. ევროკავშირი პერსონალურ სანქციებს გეგმავს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებელნი. 

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 10%-ის მოპოვება შეძლო. 

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება.

მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ანტისამთავრობო აქციებზე მიღებული დაზიანებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დააკავეს.


close დახურვა