კიდევ ერთი ბელარუსი მძლეოსანი, იანა მაქსიმოვა უარს ამბობს ქვეყანაში დაბრუნებაზე. ის ამჟამად ოჯახთან ერთად გერმანიაში იმყოფება.
"ბევრი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ, ბელარუსში არ დავბრუნდეთ. სამწუხაროდ, ახლა იქ შეიძლება დაკარგო არამხოლოდ თავისუფლება, არამედ სიცოცხლეც", - წერს სპორტსმენი ინსტაგრამზე.
მაქსიმოვას იმედი აქვს, რომ შეძლებს ვარჯიშისა და სპორტული კარიერის გაგრძელებას და მომავალი ოლიმპიური თამაშებისთვის მომზადებას. რამდენიმე თვის წინ იანა მაქსიმომავ შვიდჭიდში ბელარუსის თასი მოიგო, თუმცა ოლიმპიადისთვის შესაბამისი საკვალიფიკაციო ნორმატივი ვერ შეასრულა, რის გამოც ტოკიოში ვერ გაემგზავრა. 2013 წელს ის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა.
მასთან ერთად გერმანიაში იმყოფება მისი ქმარი, ანდრეი კრავჩენკო, რომელმაც 2008 წლის ოლიმპიადაზე ათჭიდში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
პირველ აგვისტოს ბელარუსის ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოს ოლიმპიადიდან მოხსნა სპრინტერი კრისტინა ტიმანოვსკაია, რომელმაც ხელმძღვანელობა გააკრიტიკა, რადგან წინასწარი გაფრთხილების გარეშე დამატებით დისტანციაზე გამოსვლა მოსთხოვეს. ტოკიოს აეროპორტში მისვლისას, ტიმანოვსკაიამ პოლიციას მიმართა დახმარებისთვის და განაცხადა, რომ ქვეყანაში დაბრუნებას არ აპირებს. პოლონეთმა სპორტსმენს ჰუმანიტარული ვიზა გამოუყო.