ბელარუსის დედაქალაქ მინსკში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით მორიგი მასშტაბური აქცია გაიმართა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა დღევანდელ აქციაზე 125 ადამიანი დააკავეს.
როგორც ადგილობრივი გამოცემა TUT.BY წერს, საპროტესტო აქციას რამდენიმეათასი ადამიანი ესწრებოდა და მინსკის გარდა, პროტესტის 22-ე დღეს მოსახლეობა ქუჩაში ბელარუსის კიდევ რამდენიმე ქალაქში გამოვიდა.
ცნობისთვის, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. არჩევნების შედეგები თავისუფალი სამყაროს არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია.
ევროპული საბჭოს სხდომაზე არჩევნების შედეგები არ ცნო ევროკავშირის წევრმა არც ერთმა ქვეყანამ. ევროკავშირი პერსონალურ სანქციებს გეგმავს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებელნი.
ცესკოს პირველადი მონაცემებით, ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10%-ის მოპოვება შეძლო.
ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება.
მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ანტისამთავრობო აქციებზე მიღებული დაზიანებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ათასობით დააკავეს.