მინსკში ბელარუსი ოპოზიციონერის, მარია კოლესნიკოვას წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კოლესნიკოვა საპროტესტო აქციების ლიდერი იყო. მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მას ბრალი სამი მუხლით აქვს წაყენებული: მოწოდება ქმედებისკენ, რომელიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას; შეთქმულება ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით; ექსტრემისტული ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა. კოლესნიკოვასთან ერთად გაასამართლებენ მის თანამებრძოლს, იურისტ მაქსიმ ზნაკოვს.
როგორც ადგილობრივი მედიები წერენ, პროცესის დაწყების წინ კოლესნიკოვა ცეკვავდა და ხელებით გულებს აჩვენებდა.
2020 წლამდე კოლესნიკოვა ფლეიტაზე უკრავდა და მუსიკის პედაგოგი იყო, ძირითადად კი გერმანიაში ცხოვრობდა. გასულ წელს პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვიქტორ ბაბარიკომ საკუთარი შტაბის ხელმძღვანელობა შესთავაზა. ბაბარიკოს დაკავების შემდეგ კი კოლესნიკოვა სვეტლანა ტიხანოვსკაიას შტაბს შეუერთდა. ვერონიკა ცეპკალოსთან ერთად კი მათ შექმნეს ტრიო, რომელიც შემდგომში ბელარუსული ოპოზიციის სახე გახდა.
აგვისტოს საპრესტო აქციების შემდეგ, კოლესნიკოვა და კიდევ ორი პირი ნიღბიანებმა დააკავეს, უკრაინის საზღვართან წაიყვანეს და სცადეს ძალით გაეგდოთ ქვეყნიდან. როგორც ცნობილია, კოლესნიკოვამ პასპორტი დახია, რის გამოც საზღვრის დატოვება შეუძლებელი გახდა. მომდევნო დღეს ის დააკავეს.