logo
ENG



ბელგოროდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

14 აგვ 202410:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/14/riwfnte1dn2jn51.png

14 აგვისტოდან რუსეთში, ბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.

გლადკოვი ამის მიზეზად უკიდურესად "დაძაბულ ვითარებას" ასახელებს.

ის ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობა რეგიონულ დონეზე გამოცხადდა, თუმცა მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის ფედერალურ დონეზე გამოცხადებისთვის მიმართავენ რუსეთის სამთავრობო კომისიას.

10 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა ძალებმა  რუსეთში, ბელგოროდის ოლქის სოფელი პოროზი დაიკავეს.

პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".

6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.

უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".

12 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში დაახლოებით 20-ზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს.


close დახურვა