“ეს არის კაცობრიობის მოთხოვნა, აღსრულდეს სამართალი” - ეს სიტყვები ახალგაზრდა პროკურორმა, ბენ ფერენცმა 1946 წელს, ნიურბერგში წარმოთქვა, პროცესზე, სადაც ნაცისტი ოფიცრების საზარელი დანაშულების მამხილებელი დოკუმენტები წარმოადგინა.
2021 წლის 11 მარტს 101 წლის ხდება.
მაშინ კი, როცა ნიურბერგის პროცესზე სიტყვით გამოვიდა და 22 ნაცისტი ოფიცერი საკონცენტრაციო ბანაკებს მიღმა ათობით ათასობით ადამიანის მკვლელობაში, გენოციდში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ამხილა, 27 წლის იყო.
მეორე მსოფლიო ომის დროს შუცშტაფელის (სს) ოფიცრებმა აღმოსავლეთ ევროპის სოფლებსა და ქალაქებში, სახლებსა თუ ქუჩებში მილიონზე მეტი ადამიანი დახოცეს.
კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშულის ჩამდენი ნაცისტები, ფერენცის გარეშე, შესაძლოა ვერც დასჯილიყვნენ.
ნიურნბერგის ტრიბუნალი 1945 წელს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული სსრკ-ის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის შეთანხმებით, ლონდონში შეიქმნა. ეს ომის დანაშაულების პირველი ტრიბუნალი იყო.
გაასამართლეს ჰიტლერის ლეიტენანტები და სხვა სამხედრო პირები. პროცესები 1945 წლის 20 ნოემბრიდან 1946 წლის 1-ლ ოქტომბრამდე მიმდინარეობდა.
ყველაზე ბოლოს 22 ნაცისტი ოფიცრის სასამართლო ჩატარდა.
ვინ არის ბენ ფერენცი
ნიურბერგამდე ბენ ფერენცს სასამართლო პროცესებში მონაწილეობა არასდროს მიუღია.
ბენ ფერენცი ებრაელია. მისი ოჯახი აშშ-ში მისი დაბადების შემდეგ მალევე გადასახლდა. 8 წლის ასაკამდე ფერენცი მხოლოდ ივრითზე საუბრობდა. თუმცა, ინგლისური მალევე ისწავლა და სკოლის დამთავრების შემდეგ ჰარვარდის სამართლის სკოლაშიც კი ჩააბარა.
მალე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. 1941 წელს დაიბომბა პერლ ჰარბორი. ფერენცს სამხედრო მფრინავობა მოუნდა. მაგრამ, სიმაღლის გამო ფერენცი ავიაციაში არ მიიღეს.
მან აშშ-ის არმიაში მაინც შეაღწია, თუმცა, მის მოვალეობაში ბეჭდვა და დალაგება შედიოდა.
1944 წელს მისი დანაყოფი დიდ ბრიტანეთში გადაიყვანეს. 6 ივნისს დაიწყო ნორმანდიაში შეჭრა, რამაც, საბოლოო ჯამში, მოკავშირეები ნაცისტების დამარცხებამდე მიიყვანა.
ბენ ფერენცმა, თავის დანაყოფთან ერთად გაარღვია ნაცისტების დაცვის დასავლეთ ზოლი, იბრძოლა ფრონტის წინა ხაზზე და 1945 წელს გადალახა მდინარე რაინი. როგორც ამბობს, უბრალოდ გაუმართლა, როცა ამ ბრძოლაში ცოცხალი გადარჩა.
ომიდან დაბრუნების შემდეგ ის თავის ბავშვობის სიყვარულზე დაქორწინდა და დაიფიცა, რომ გერმანიაში არასდროს დაბრუნდებოდა. თუმცა, ბერლინში წასვლა მალევე მოუწია - იურიდიული განათლების გამო მას ნაცისტების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ მტკიცებულებების მოპოვება დაავალეს.
მტკიცებულებების შესაგროვებლად ის საკონცენტრაციო ბანაკებშიც მივიდა და როგორც ამბობს, წარმოუდგენელი სისასტიკე იხილა, რაზე გულგრილად საუბარი მას დღესაც არ შეუძლია.
"ვისმენდი ამბებს, რომლებიც არარეალურია, წარმოუდგენელია, მაგრამ ისინი ნამდვილად მოხდა. ძირს დაყრილი სხეულები. არ იცი, ცოცხლები არიან თუ მკვდრები. ზოგი მათგანი თვალს ძლივს ახელს. დარბიან ვირთხები, არის დიზენტერია და ათასი ინფექცია. თითქოს ჯოჯოხეთში ვიხედებოდი. დღემდე ვიბრძვი, რომ ეს არასდროს განმეორდეს". - ამბობს ბენ ფერენცი.
მან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დანგრეულ შენობაში იპოვა საიდუმლო დოკუმენტები, რომლებშიც ოფიცრები ჩადენილ მკვლელობებს აღრიცხავდნენ.
"იყო საქაღალდეების შეკვრა, რომელშიც ეწერა, გერმანელი ოფიცრების რომელი დანაყოფი რომელ და რამდენ სოფელში შევიდა და რამდენი ადამიანი დახოცა. კლასიფიცირებული იყო: ამდენი ებრაელი, ამდენი ბოშა და ა.შ" - ამბობს ის.
გენოციდი
ფერენცის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით გაირკვა, რომ არსებობდნენ "სამოქმედო ჯგუფები", რომელთა დავალებაც იყო, 1941 წელს, საბჭოთა კავშირში შეჭრის დროს, გერმანიის არმიის კვალდაკვალ სოფლებში კომუნისტები, ბოშები, ჰომოსექსუალები და ებრაელები დაეხოცათ.
"იყო შუცშტაფელის 3000 ოფიცერი, რომელთა პირდაპირი დავალება ადამიანების განადგურება იყო. არ უნდა დარჩენილიყო არც ერთი ცოცხალი ებრაელი კაცი, ქალი ან ბავშვი". - ამბობს ბენ ფერენცი.
დოკუმენტებში ეწერა, რომ სს ოფიცრები აიძულებდნენ დაკავებულ ტყვეებს, გაეთხარათ საკუთარი საფლავები და შემდეგ იქვე ხვრეტდნენ. ან, მათ აიძულებდნენ, სირბილით მისულიყვნენ კონკრეტულ ადგილამდე, სადაც მერე ჩაცხრილავდნენ. ასე, ძირითად, რუმინელები დახოცეს.
“3000 ნაცისტი 2 წლის განმავლობაში ხოცავდა ადამიანებს, ბავშვებს და ჩვილებს. ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც თავის რაზმს 90 000 ადამიანი დახოცვა დაავალა, მათ მიუთითებდა - იმ შემთხვევაში, თუ ნახავდნენ, რომ დედას ჩვილი უჭირავს, ჩვილისთვის ესროლათ - ასე ერთი ტყვიით 2 ადამიანს მოკლავდნენ და საბრძოლო მასალას დაზოგავდნენ". - ამბობს ფერენცი.
მაშინ, როცა მან მტკიცებულებები მოიპოვა და ნიურბერგში ჩაიტანა, პროცესი უკვე მიმდინარეობდა. მთავარმა პროკურორმა ფერენცს უთხრა, რომ კიდევ ერთი სხდომის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა.
"მაშინ ყვირილი დავიწყე: ეს მასობრივი მკვლელობაა, ეს მასობრივი მკვლელობაა. მაშინ პროკურორმა მკითხა, თუ შემეძლო პროცესზე ამის დამტკიცება". - ამბობს ის.
ასე იქცა 150 სანტიმეტრი სიმაღლის, 27 წლის ბენ ფერენცი სს ოფიცრების მთავარ მბრალდებლად.
ნიურნბერგის პროცესი
"ქმედებები, რომლებიც ბრალდებულებმა ჩაიდინეს, განპირობებული იყო არა სამხედრო აუცილებლობით, არამედ ნაცისტური თეორიით მთავარი რასის შესახებ. ჩვენ გაჩვენებთ, რომ მათ მიერ მეთოდური ეგზეკუცია ემსახურებოდა იმ ეთნიკური, რელიგიური და პოლიტიკური ჯგუფების განადგურებას, რომლებიც ნაცისტურ იდეოლოგიას არ ერგებოდნენ. გენოციდი ნაცისტური დოქტრინის უპირველესი ინსტრუმენტი იყო". - განაცხადა ბენ ფერენცმა ბრალის და მტკიცებულებების წარდგენისას.
სხდომაზე ნაცისტები სათითაოდ აცხადებდნენ, რომ არაფერი დაუშავებიათ. კითხვაზე, ხარ თუ არა დამნაშავე, ყველა მათგანმა სათითაოდ უპასუხა - არ ვარ დამნაშავე.
თუმცა, ბენ ფერენცს საპირისპიროს დამტკიცება შეეძლო.
ნაცისტების ჩანაწერები:
დოკუმენტი 111
"ჩვენ გავანადგურეთ 55000 ებრაელი".
დოკუმენტი 179, კიევიდან:
"გავანადგურეთ 34000-მდე ებრაელი, მათ შორის ქალები და ბავშვები. მას შემდეგ, რაც გამოვართვით ტანსაცმელი და სხვა ყველაფერი, რაც ჰქონდათ, ყველა დავცოხეთ. ამას არაერთი დღე დასჭირდა".
დოკუმენტი 84, 1942 წლის მარტი
"ამ დრომდე მოკლულია 91 678 ადამიანი".
სამოქმედო ჯგუფის ხელმძღვანელი, ოტო ოლონდორფი ნიურბერგის პროცესზე არ უარყოფდა ებრაელების მკვლელობას, ის აცხადებდა, რომ ეს თავდაცვის მიზნით გააკეთა.
"მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როცა მომინდა, მისთვის დამერტყა - როცა ადგა და თქვა: “რა, ებრაელები დახოცეს? პირველად მესმის”. მომინდა, ბარიერს გადავმხრატიყავი და მეცემა. მე ხელთ მისი ჩანაწერები მქონდა, რომელშიც დახოცილებს აღრიცხავდა და ამ დროს პროცესზე თავს უდანაშაულოდ აჩვენებდა" - ამბობს ბენ ფერენცი.
22-ვე ოფიცერი დამნაშავედ სცნეს. მათგან 4, ოლონდორფის ჩათვლით, სიკვდილით დასაჯეს.
ბენ ფერენცი პროცესის გახსენებისას ახლაც ღელავს. როგორც ამბობს, მისი მიზანი იყო, არასდროს განმეორებულიყო ის, რაც ნაცისტებმა ჩაიდინეს.
ფერენცმა საფუძველი ჩაუყარა 2002 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) შექმნას და დღესაც, ამ ასაკშიც, ფიქრობს, რომ სამყაროსთვის შესათავაზებელი კიდევ ბევრი აქვს. ის თავს ჯერაც ახალგაზრდა კაცად მიიჩნევს და ვარჯიშით და ცურვით ფორმას ინარჩუნებს.
მან არაერთი ჯილდო მიიღო, მათ შორის - ჰარვარდის თავისუფლების მედალი 2014 წელს. 2019 წელს ფერენცმა $1 მილიონი გადაურიცხა ჰოლოკოსტის მსხევრპლთა მუზეუმის გენოციდის პრევენციის ცენტრს.
"არ მაინტერესებს დიდება და მემკვიდრეობა, არ მაინტერესებს ფული, ყველაფერს გავცემ. ღარიბ ოჯახში დავიბადე და ცხოვრების უდიდესი ნაწილიც სიღარიბეში გავატარე. ამიტომ, ყველაფერს გავიღებ".
კითხვაზე, ნერვიულობდა თუ არა მაშინ, ნიურბერგის პროცესზე, პასუხობს: "არა, თავდაჯერებული ვიყავი. არც სევდიანი ვყოფილვარ, შეუპოვარი ვიყავი. არც ვწუხდი - ვბრაზობდი.
ახალგაზრდა ადამიანებს ვურჩევდი: პირველი - არასდროს დანებდნენ. მეორე - არასდროს დანებდნენ, მესამე - არასდროს დანებდნენ" - ამბობს ლეგენდარული იურისტი.