ევროპარლამენტში შავი ზღვის და საზღვაო უსაფრთხოების კონფერენცია იმართება. დამსწრეებს სიტყვით მიმართა ევროპაში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა ბენ ჰოჯესმა, გენერალმა გამოსვლის სიტყვაში ისაუბრა ანაკლიის პორტზე და აღნიშნა, რომ ეს პორტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„რუსეთი არ გამოიყენებს ძალას ნატო-ს წევრი ქვეყნის მიმართ, რადგან მათ არ სურთ სამხედრო კონფლიქტი ნატო-ს წევრ 29 წევრის მიმართ, რომელიც მალე 30 გახდება. თუმცა, ისინი რეგულარულად იყენებენ ძალას საქართველოს წინააღმდეგ, რომლის 20% ოკუპირებულია. საქართველომ სცადა აეშენებინა პორტი, სახელწოდებით „ანაკლია“. პორტი საკმარისად ღრმა და მასშტაბური იქნებოდა შავ ზღვაში შესული დიდი გემებისთვის. დრო, რომელიც კონტეინერის გადატანას შანხაიდან როტერდამამდე სჭირდება შემცირდებოდა ორი კვირით და ეს დიდი თანხაა. ამიტომაც, ევროპული კომპანიები ინვესტიციებს განახორციელებდნენ საქართველოში. საქართველო ლოჯისტიკური ცენტრი გახდებოდა ევრაზიასა და ევროპას შორის. რუსეთის ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა ამ მცდელობის ძილის გამოსათხრელად. სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაემორჩილა კრემლის ზეწოლას და ეს პროექტი შეაჩერა“, - განაცხადა ჰოჯესმა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორი ლევან ახვლედიანი კი „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, რომ კითხვები არსებობს და ამ კითხვებს პასუხები უნდა გასცეს საქართველოს მთავრობამ.
„განუყოფელ ნაწილად მიაჩნიათ შავი ზღვის მომავალი ბედი უსაფრთხოების კონტექსტში. მეც ესე ვუყურებ, რომ არის შეკითხვები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამაზე ხდება ყურადღების გამახვილება და ამას დაჭირდება პასუხი, პირველ რიგში ჩვენი სახელმწიფოსგან“, - განაცხადა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებას წყვეტს - განცხადება ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გადაწყვეტილების მიღების მთავარ მიზეზად ცქიტიშვილმა კონსორციუმის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაა.
