ისრაელის პარლამენტმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა. მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც რამდენიმე კვირა გაგრძელდა, ისრაელში ხელისუფლებაში მოვიდა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე რელიგიური და მემარჯვენე კაბინეტი: ლიკუდის პარტიამ, ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით, მოახერხა კოალიციის შექმნა ულტრანაციონალისტებთან და ულტრა მართლმადიდებლებთან.
როგორც ისრაელის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, იზრდება შიში იმისა, რომ ნეთანიაჰუს მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შედეგად შესაძლოა კვლავ გამწვავდეს კონფლიქტი პალესტინელებთან, დაზარალდეს სასამართლო სისტემა და შეიზღუდოს სხვადასხვა უმცირესობების უფლებები. თავად ნეთანიაჰუ ჰპირდება, რომ იბრძვის მშვიდობისთვის, სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისთვის.
ქნესეთის საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია "აღადგენს მთავრობას, მშვიდობასა და ისრაელის მოქალაქეების პირად უსაფრთხოებას".
"მე მესმის მუდმივი ჩივილი ოპოზიციისგან, რომ სახელმწიფო დასრულდა, დემოკრატია დასრულდა. არჩევნების წაგება არ არის დემოკრატიის დასასრული, ეს არის დემოკრატიის არსი".- თქვა ნეთანიაჰუმ.
სანამ ქნესეთი სხდომაზე იმყოფებოდა, რამდენიმე ასეული მომიტინგე შეიკრიბა შენობის წინ, აფრიალებდნენ ისრაელის და ცისარტყელას დროშებს დავითის ვარსკვლავით და წარწერებით "სირცხვილი", "საშიშროება" და "ძირს რასიზმი!"