მმართველი გუნდის წევრები საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ისინი კანონპროექტს მხარს დაუჭერენ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დაჩი ბერაიამ განაცხადა, ის ახალი კანონპროექტის ფარგლებში სამთავრობო კრიზისის რისკებს ვერ ხედავს.
„საკანონმდებლო ცვლილებით ორივე მომენტი დაბალანსებულია. რეგიონებს ნაკლები, მაგრამ მაინც ეყოლება წარმომადგენელი პარლამენტში. 40-42%-ის მხარდაჭერის შემთხვევაში ფაქტობრივად გამორიცხულია სამთავრობო და პოლიტიკური კრიზისის რისკები. აქედან გამომდინარე მე მხარს დავუჭერ კანონპროექტს“, - განაცხადა ბერაიამ.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე სისტემით ჩატარდება, სადაც 120 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით იქნება არჩეული, ხოლო 30 დეპუტატი მაჟორიტარი იქნება.
გარდა ამისა, არჩევნები 1%-იანი ბარიერით ჩატარდება და იქნება 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული პარტია მთავრობას იმ შემთხვევაში დააკომპლექტებს თუ ხმების 40%-ზე მეტს დააგროვებს.
იმისთვის, რომ მმართველმა გუნდმა დაპირება შეასრულოს, მას 113 ხმა სჭირდება. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი კი სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობის არქონის გამო ჩავარდა. მაშინ ე.წ. მაჟორიტარების ამბოხი მოხდა, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ საარჩევნო სისტემის შეცვლას. ბერაია კი სწორედ ერთ-ერთი მაჟორიტარი იყო, რომელიც არ ეთანხმებოდა სისტემის ცვლილებას.
ბერაია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე: გამორიცხულია პოლიტიკური კრიზისის რისკები
09 მარ 202017:07
3 წუთის საკითხავი