გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის "თამაში" მარცვლეულის შეთანხმებასთან ცინიკურია.
"პუტინის თამაში მარცვლეულის შეთანხმებასთან ცინიკურია. სატვირთო გემებს თავისუფალი გასვლის საშუალება მხოლოდ პუტინის გამო არ ეძლევათ. რუსეთი გლობალურ შიმშილს ამძაფრებს", - ამბობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
გუშინ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს, როგორც კი "მოსკოვისთვის მიცემული პირობები შესრულდება".
17 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას აჩერებს. კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილი არ შესრულდა.
13 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას დატოვებს. მან ასევე თქვა, რომ გაერომ ვერ შეძლო საკითხის ისე გადაწყვეტა, რომ დაკმაყოფილებულიყო რუსული მხარის მოთხოვნებიც.