logo
ENG



ბერბოკი: რუსეთის ბირთვული მუქარა სერიოზულად უნდა მივიღოთ

04 ოქტ 202216:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/04/27x8o6vtd92qfqb.jpg

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, რუსეთის ბირთვული მუქარა მსოფლიომ სერიოზულად უნდა მიიღოს.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პუტინი მსგავს მუქარას მიმართავს. ისინი [რუსები] უპასუხისმგებლოები არიან და ჩვენ მათ სერიოზულად უნდა მივუდგეთ, მაგრამ ეს არის ასევე ჩვენი დაშანტაჟების მცდელობა," - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, მზადაა ყველა საშუალება გამოიყენოს. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირმა პუტინის მუქარა ბირთვულ იარაღზე სერიოზულად უნდა მიიღოს. NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი კი აღნიშნავს, რომ თუ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას რუსეთისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება.

ამასთან, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა დირექტორმა, დევიდ პეტრეუსმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამერიკა უკრაინაში რუსეთის არმიას და შავი ზღვის ფლოტს გაანადგურებს.

21 სექტემბერს პუტინმა ასევე რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. 


close დახურვა