ჩარტერული რეისი ბერლინი-თბილისის მიმართულებით დღეს შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ რეისით საქართველოში ჩამოვა 180-მდე მგზავრი, მათ შორის ონკოლოგიური პაციენტები, არასრულწლოვნები, ხანდაზმული პირები, სტუდენტები და ტრანზიტული მგზავრები.
უწყების ინფორმაციით, კოვიდ-19-ის გავრცელების პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ეს არის მეოთხე ჩარტერული რეისი ბერლინიდან.
„საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან და ა.შ.
8 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19 607 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – ორგანიზებულად დაბრუნდა 10 115 მოქალაქე. „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ამსტერდამიდან 15 მაისს შესრულდება ჩარტერული რეისი ტრანზიტული მგზავრებისათვის, რომლითაც სამშობლოს აშშ-დან დაუბრუნდება სტუდენტები, სამხედროები, ხანდაზმული პირები, ტურისტები და ა.შ.“, - წერია საგარეო უწყების განცხადებაში.