logo
ENG



ბერძენიშვილი: მედიაციის შემდეგი რაუნდი, ალბათ, აპრილის ბოლოს გაიმართება

06 აპრ 202116:08
3 წუთის საკითხავი
 
ბერძენიშვილი: მედიაციის შემდეგი რაუნდი, ალბათ, აპრილის ბოლოს გაიმართება

რესპუბლიკური პარტიის წევრის, დავით ბერძენიშვილის თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი შესაძლოა აპრილის ბოლოს გაიმართოს. ამაზე ბერძენიშვილმა გადაცემა კომენტარში ისაუბრა.

ის იმედოვნებს, რომ მედიაციის შემდეგი რაუნდი წარმატებით დასრულდება.

ბერძენიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტარების წერილს, სადაც საქართველოს ფინანსური დახმარების შემცირებასა და მათი გამოყოფისთვის დამატებითი პირობების დაწესებაზეა საუბარი, საქართველოს მთავარი სტრატეგიული მეგობრები აწერენ ხელს.

„ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს მომდევნო რაუნდი, რომელიც იმედი მაქვს წარმატებული მედიაცია იქნება. ეს იქნება ალბათ აპრილის ბოლოსთვის. ეს ვარაუდი არ არის, ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია. ეს შვიდი ევროპარლამენტარი მხოლოდ შვიდი ევროპარლამენტარი არ არის, მათ თანამდებობებს გადავხედოთ. ესენი არიან საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ევრონესტის თავმჯდომარე, სამხრეთ კავკასიის დელეგაციის თავმჯდომარე, ესენი არიან საქართველოთი დაინტერესებული მთავარი სტრატეგიული მეგობრები“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მედიაციის მიზნით გამართული მეორე ვიზიტი 31 მარტს კვლავ უშედეგოდ დაასრულა. მის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს არც ერთმა დეპუტატმა ხელი არ მოაწერა.

ამის გამო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.

ევროპარლამენტარები დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და პასუხისმგებლობას მონაწილე მხარეებს, ხოლო განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებენ.

 


close დახურვა