"ფორმულას" ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები მსოფლიო თასზე მონაწილეობას არ მიიღებენ. ინფორმაცია "ფორმულას" ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გიორგი კიკაბიძემ დაუდასტურა.
კიკაბიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება 2 მიზეზით გამომდინარეობს - ნაკრების თითქმის ყველა მოჭიდავეს, ლიდერების ჩათვლით, COVID-19 დაუდასტურდათ და მსოფლიო თასზე სულ რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობს და ნაკრებისთვის ეს ტურნირი პრიორიტეტული არ არის.
"ერთი მიზეზია, რომ ბიჭებს კოვიდი დაუდასტურდათ როგორც თავისუფლებს, ასევე ბერძნულ-რომაულებს. მეორე პრობლემა იყო, რომ მსოფლიო ჩემპიონატი გაუქმდა, ჩაინიშნა მსოფლიო თასი, რომელიც ცოტა... 3-4 ქვეყანა ჩადის და მნიშვნელოვანი არ იყო მწვრთნელების გადაწყვეტილებით. გადავერთეთ ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 8 თებერვალს ტარდება. ამისთვის მოსამზადებელი პერიოდი გვაქვს გასავლელი და საქართველოს ჩემპიონატი ჩავნიშნეთ. ნაკრებისთვის საქართველოს ჩემპიონატისთვის მზადება უფრო მთავარია", - განაცხადა კიკაბიძემ.
მისი თქმით, კორონავირუსი ჰქონდათ ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს - გენო პეტრიაშვილსა და იაკობ ქაჯაიას.