საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ მოჭიდავესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გიგა ტატიაშვილი ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი არ არის.
„ბოლო დღეებში, მასმედიაში რამდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს მოჭიდავე გიგა ტატიაშვილი.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია აზუსტებს, რომ ტატიაშვილი არაა ჩვენს ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი და სთხოვს ყველას, მეტად ფრთხილები და ყურადღებიანები იყვნენ ინფორმაციის გავრცელებისას.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ 19 წლის წევრის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და ახლობლებს“, - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.
17-ვე ბრალდებულს გუშინ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.