პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ სასამართლოსთან დაკავშირებით, ოპოზიციის რეფორმის მოდელზე ისაუბრა.
ბესელიას განცხადებით ოპოზიცია სრულად თანხმდება იმაზე, რომ ხელისუფლება სასამართლო რეფორმებში არ უნდა ერეოდეს, თუმცა, მისი თქმით გარკვეულ საკითხებზე ოპოზიციაში აზრები იყოფა.
როგორც ბესელიამ გადაცემაში განაცხადა, მოსამართლეების არჩევის პროცესი გარკვეულ რისკებს შეიცავს.
„მოსამართლეების არჩევისთვის სისტემა არ არის მზად და გარკვეულ რისკებს შეიცავს, მე მომწონს ის მოდელი, რომელიც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მოსამართლეობის ნაწილს ირჩევენ, თუმცა იქ იმდენად გამართული სისტემაა არჩევის პროცესში მინიმუმამდეა დასული რისკები, ის რისკები რაც შეიძლება ახლდეს აქ ჩვენ რეალობაში. კიდევ ერთი საკითხი რომელიც მგონია, რომ დასაფიქრებელია, ეს არის უცხოელი მოსამართლეები, თუმცა აქ რაღაც დოზით ჩვენს ხედვაშიც არის კომერციულ პალატებში, იქ სადაც მაღალი რისკია კორუფციის ეს არის დიდი საქმეები, ასეთ საქმეებზე რომ გამოვრიცხოთ რისკი აქ ჩვენ ისედაც გვქონდა გეგმა, რომ კომერციული პალატების დაკომპლექტებაში უცხოელი მოსამართლეები ყოფილიყვნენ ჩართული და ეს პროექტი შეჩერდა. მე მგონია, რომ ეს საინტერესო მოდელია, მაგრამ არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ყველა ინსტანციაში უცხოელი მოსამართლეები იყვნენ“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, პოლიტიკური ჩარევისგან სასამართლო ხელისუფლების დასაცავად ოპოზიციამ რეფორმის საკუთარი მოდელი შეიმუშავა.