მორაგბე რამაზ ხარაზაშვილი გუშინ მომხდარი დაპირისპირების დეტალებს იხსენებს, რომლის დროსაც ის დაჭრეს.
როგორც ხარაზაშვილი ამბობს, ის რაგბის კავშირში სამუშაო შეხვედრაზე მიდიოდა, სადაც კორონავირუსის პირობებში ჩემპიონატის ჩატარების პროტოკოლი უნდა განეხილათ. სპორტსმენის თქმით, ადგილზე მისულს მას რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი, მერაბ ბესელია დახვდა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო.
"მას [ბესელიას] და გამგეობის თავმჯდომარეს ჰქონდათ დაძაბული საუბარი, რა დროსაც დამიძახა, დამისვა სხვადასხვა პროვოკაციული კითხვა, იყო აგრესიული და როდესაც ჩემგან მიიღო ადეკვატური პასუხები და კონტრკითხვაზე პასუხი ვეღარ გამცა, ამოიღო იარაღი და მესროლა 2-ჯერ. ამ დროს ხელში მეჭირა წყლის ბოთლი, ყავა და ვიყავი ზურგჩანთით. ამით იმის თქმა მინდა, რომ არანაირი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა ჩვენ შორის არ ყოფილა, სანამ იარაღს ამოიღებდა და მესროდა. არც მანამდე მქონია მასთან დაპირისპირება და კავშირის არცერთ მოქმედ თუ ყოფილ ჩინოვნიკს არ დავპირისპირებივარ. ერთადერთი რასაც ვაკეთებდი ბოლო თვეების განმავლობაში იყო ის, რომ ვსაუბრობდი ფაქტებით და ვსაუბრობდი სიმართლეს", - წერს ხარაზაშვილი Facebook-ზე.
მისი განცხადებით, გუშინდელმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რომ რაგბის სამყაროში დაპირისპირება არსებობს.
"მე და იმ ბიჭებს (საინიციატივო ჯგუფი და თითქმის ყველა ქართული კლუბის წარმომადგენელი), ვინც სიმართლეს ვლაპარაკობთ, ვერც იარაღით შეგვაშინებენ და ვერც სხვა რადიკალური ქმედებებით. მაგრამ საზოგადოების თვალში რეპუტაცია ნამდვილად გვეცლება და ჩვენი ყველაზე დიდი გულის წუხილი ამას შეეხება. ეს უარყოფითად იმოქმედებს მომავალი თაობის რაგბით დაინტერესებაზე და სასწრაფოდ არის გამოსასწორებელი", - ამბობს ხარაზაშვილი.
მან საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და გუშინ მომხდარი ფაქტის გამო ბოდიში მოიხადა.
"ყველასთვის ცნობილი და მარტივად გასაგები რომ გახდეს, რაგბის სამყარო ისევ ისეთია როგორიც იყო და რითიც აქამდე ასე ვამაყობდით, უბრალოდ აქ არის ერთ მხარეს პატიოსანი და მშრომელი მოთამაშეები, მწვრთნელები და ის ხალხი, ვის მხრებზეც ყველაფერი გადადის, ხოლო მეორე მხარეს ჩინოვნიკების ჯგუფი, ადამიანები რომლებიც ბოლო 10 წელია მართავენ კავშირს. რაგბი ჩაძირეს და კრიზისამდე მიიყვანეს. ესეც არ აკმარეს და ახლა ჩირქს სცხებენ გუშინდელის მსგავსი ქმედებებით და ხალხის თვალში უკარგავენ ყველანაირ პატივისცემას.
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო რომ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა და ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას ამის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად არანაირი ბრალი არ მიმიძღვის გუშინდელ შემთხვევაზე, გარედან მაინც ძალიან არასასიამოვნო შესახედია ეს ფაქტი ხალხისთვის", - წერს სპორტსმენი.
რაგბისტი ამბობს, რომ ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს და მას წოლითი რეჟიმი აქვს გამოწერილი.
ხარაზიშვილი 16 სექტემბერს რაგბის კავშირის შენობაში დაჭრეს. ხარაზიშვილის დაჭრის ბრალდებით, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რამ გამოიწვია ინციდენტი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.