იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 5-წუთიანი ტექნიკური შესვენების შემდეგ განახლდა. მანამდე დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია სიტყვით გამოსვლას ითხოვდა, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებდა, რომ რეგლამენტის მიხედვით დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლება არ აქვს.
მიუხედავად ამისა, ბესელიამ მაინც შეძლო ვრცელი განცხადების გაკეთება. მან 20-კაციანი სიის ყველა მოსამართლის გახმაურებული საქმეები დეტალურად მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ეს მოსამართლეები „წინა რეჟიმის გაგრძელებაა“.
„რიხიანად რომ ლაპარაკობთ, რომ აი ის ძალადობრივი სისტემა, ის ძალადობრივი წარსული, ეს წარსული ახლა არის აწმყოში. ფეხქვეშ გაედეთ, გეგონება მართლა მაფიოზი მოვიდა ვინმე. მაგალითად პაატა სილაგაძე, ადამიანი რომელიც ერთობა აქ და ბასტი-ბუბუს უყურებს, მოსამართლე, რომ იყო, ისე იღებდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომ არასრულწლოვანი ბავშვი გაუშვა ციხეში. სილაგაძე ელემენტარულ ტესტებს ვერ პასუხობდა, მან არ იცის სიტყვის თავისუფლება. ის დღეს არის უვადოდ არჩეული. კიდევ ერთი მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი. გეწაძემ ჩამოართვა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა. ამ სიაში არის 2007 წლიდან მოსამართლე, ლაშა ქოჩიაშვილი. მისი საქმე არის ჯემალ ლეონიძის საქმე. ის იყო აღიარებული პოლიტპატიმრად „ოცნების“ მმართველობის პერიოდში უკვე. ნინო ქადაგიძე 2003 წელს გააუქმა პროპორციული არჩევნების შედეგები და მაჟორიტარული დატოვა. მგონი თვითონ მათ უნდა მოხსნან საკუთარი კანდიდატურები. მიბაძონ თავაძეს. ასეთი ძალადობის და პროტესტის ფონზე, პარლამენტი უვადო მოსამართლეებს არ უნდა ირჩევდეს. ყველაფერი გავაკეთე ამ 1 წლის განმავლობაში. ეს არის ჩემი ბოლო სიტყვით გამოსვლა, აწი რაც გინდათ ის გიქნიათ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
