პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი, ეკა ბესელია ამბობს, რომ 1-ელ ივნისს პარტიები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ ქარტიაზე თანხმობას განაცხადებენ, ხოლო ქარტიას ხელი ორშაბათს, 3 ივნისს, მოეწერება.
"ერთი სიახლე, რაც მინდოდა გამეზიარებინა არის ის, რომ პირველი ივნისი გამოცხადდა თარიღად, როდესაც პარტიებმა უნდა განაცხადონ თანხმობა, რომ ქარტიას უერთდებიან. მისი ოფიციალური, ხელმოწერის ნაწილი პრეზიდენტის მხრიდან იგეგმება, რომ იყოს ორშაბათი. ანუ ორშაბათს გავიგებთ, ვინ აწერს ხელს ქარტიას", - თქვა მან.
იგი ამასთანავე ამბობს, რომ ქარტიას პარტიათა უმეტესობა მხარს უჭერს, ხოლო მხოლოდ სახელისუფლებო, ან ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პარტიების ეწინააღმდეგებიან მას.
"ამ დოკუმენტის, ქართული ქარტიის, შინაარსი და განწყობა ძალიან მომწონს. პრეზიდენტმა ძალიან მნიშვნელოვანი, გზამკვლევი დადო ქართველი ხალხისთვის და პირველ რიგში, ქართველი ხალხის ნდობა სჭირდება ამ დოკუმენტს. ცხადია პოლიტიკური პარტიებისაც, ამ დროისათვის, რაც მე ვიცი და ეს კონსულტაციებიც ყოველდღიურად იმართება, არ ვიცი არავინ, ვინ ამბობს არას, გარდა სახელისუფლებო, ან მასთან პირადად დაკავშირებული პარტიებისა. ვიცი, უმეტესი პარტიების პოზიცია, მოვისმინე პირადად, რომ ისინი ქარტიის პრინციპებს ეთანხმებიან. ქარტია, რომელიც არის პრეზიდენტის პროდასავლური ფრონტის და ევროკავშირის დღის წესრიგის ამსახველი მთავარი ხედვა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.