დაიჭერენ თუ არა თბილისის ყოფილ მერს ხელმეორედ - უზენაესი სასამართლო გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. თუმცა, უცნობია დღესვე გამოაცხადებს თუ არა სასამართლო საბოლოო განაჩენს.
შალვა შავლიაშვილი, შალვა თადუმაძე და მერაბ გაბინაშვილი გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღებენ.
უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია ფიქრობს, რომ განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებული იქნება. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ საქმეზე თადუმაძის მოსამართლეობა, პროცესის პოლიტიკურ სარჩულს კიდევ უფრო ამძაფრებს.
„ჩვენ ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს მედია პერსონების და პოლიტიკოსების დევნა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და ამას, როდესაც ზედ ერთვის, ის რომ სასამართლო აპირებს ამ საქმეზე ზეპირი მოსმენის გადაწყვეტილება მიიღოს, მითუმეტეს სასამართლოს შემადგენლობაში შედის შალვა თადუმაძე ვინც მთავარი ბრალმდებელი იყო ქვეყნის, როდესაც სააპელაციო განხილვა მიმდინარეობდა ამ საქმის, როდესაც საკასაციო წესით იქნა საქმე წარმართული, ეს ყველაფერი ჩვენ გვიქმნის ეჭვს, რომ ამ საქმის შედეგებით, ხელისუფლება შეეცდება პოლიტიკურად ოპონენტი გაიყვანოს სცენიდან“, - განაცხადა გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
გიგი უგულავას პროკურატურა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავება. ამავე საქმეზე უგულავას საქალაქო სასამართლოში გაფლანგვა არ დაუდგინდა და 1 წლითა და 3 თვით პატიმრობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, 2018 წელს შეეფარდა.