logo
ENG



ბიბილოვი: სამხრეთ ოსეთი თავისი ისტორიული სამშობლოს, რუსეთის შემადგენლობაში იქნება

30 მარ 202220:44
3 წუთის საკითხავი
 
ბიბილოვი: სამხრეთ ოსეთი თავისი ისტორიული სამშობლოს, რუსეთის შემადგენლობაში იქნება

საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ რუსეთთან გაერთიანება "რესპუბლიკის" სტრატეგიული მიზანია. 

მისი განცხადებით, "უახლოეს მომავალში გადაიდგმება შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის ნაწილი"

"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, მთელი მსოფლიო გარდამტეხ ფაზაშია. რუსული სამყარო დღეს იცავს იმათ ინტერესებს, ვინც ეწინააღმდეგება ნაციზმს, პატივს სცემს ადამიანურ ღირებულებებს, უფლებებს და ნორმებს, რომლებიც მიღებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ. 

ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც სამხრეთ ოსეთის ხალხს აძლევს მშვიდობის გარანტიას და განვითარების შესაძლებლობებს. ოსი ხალხის მთავარი ისტორიული და სტრატეგიული მიზანი ერთი სახელმწიფოს ფარგლებში გაერთიანებაა. ეს სახელმწიფო არის რუსეთის ფედერაცია". - წერია განცხადებაში, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამთავრობო მედიაში გავრცელდა

ბიბილოვმა თქვა, რომ 2014 წელს, როცა ყირიმი "რუსეთის ნაწილი" გახდა, ამის შესაძლებლობა "სამხრეთ ოსეთსაც ჰქონდა", მაგრამ ეს ხელიდან გაუშვა. 

"მაშინ ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, მაგრამ ამის გამეორებას ვერ დავუშვებთ". - თქვა მან.

რუსეთთან შეერთების შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული ლუგანსკის რეჟიმის ლიდერმაც გააკეთა. ლეონიდ პასეჩნიკიმ თქვა, რომ "უახლოეს მომავალში რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეფერენდუმი ჩატარდება, რომლითაც ხალხი გამოიყენებს თავის აბსოლუტურ კონსტიტუციურ უფლებას და გამოთქვამს აზრს რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ". 

ამ დრომდე რუსეთი საოკუპაციო რეჟიმების "დამოუკიდებლობას" აღიარებდა. უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი დაიწყო ლაპარაკი საქართველოს და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთების შესახებ. 


close დახურვა