logo
ENG



ბიზნეს ასოციაციები: მოვუწოდებთ პარლამენტს, გულდასმით აწონოს კანონის მიღების შედეგები

17 აპრ 202416:14
3 წუთის საკითხავი
 
ბიზნეს ასოციაციები: მოვუწოდებთ პარლამენტს, გულდასმით აწონოს კანონის მიღების შედეგები
ფორმულა/ლანა მრავლაძე

ბიზნეს ასოციაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ პარლამენტს, "გულდასმით აწონოს ამ კანონპროექტის მიღებით გამოწვეული შედეგები".

ისინი მიმართავენ პარლამენტს, თავი შეიკავოს იმგვარი ქმედებებისგან, რაც დააზიანებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას.

განცხადება:

"ჩვენ, ქვემოთ ჩამოთვლილი ბიზნეს ასოციაციები ვადასტურებთ ბიზნეს სექტორის ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილურობის, კეთილდღეობისა და განვითარებისათვის;

კიდევ ერთხელ მივესალმებით გასული წლის დეკემბერში მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და აღვნიშნავთ ყველა მხარის მიერ ამ მიზნისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს;

ხაზს ვუსვამთ, ამ გადაწყვეტილების სრულად გამოყენების აუცილებლობას, ერთობლივი მუშაობის გზით დარჩენილი საკითხების გადაჭრის გზით, რათა ახლო მომავალში დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე;

გვჯერა, რომ ამ მიმართულებით ჩვენი მუშაობის დაჩქარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში მიმდინარე საგანგაშო განვითარებებისა და ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე;

ვაცნობიერებთ იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის პარტნიორები და დონორი ორგანიზაციები ასრულებდნენ საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში, 1991 წლიდან, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. ეს დახმარება ხშირად უმნიშვნელოვანესი იყო და გაწეულ იქნა, როგორც მთავრობის, ისე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;

მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოება თანამედროვე დემოკრატიული და პლურალისტული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია. საზოგადოებრივი ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მოქალაქეებისთვის აუცილებელი სერვისების მიწოდებაში; ისინი ასევე ხელს უწყობენ პოლიტიკის გაუმჯობესებას მოქალაქეთა საკეთილდღეოდ და საკვანძო როლი აქვთ კონტროლისა და ბალანსის სისტემაში. განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ დონორებმა, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სამთავრობო ინსტიტუტების მეშვეობით, გასწიეს უზარმაზარი სამუშაო ქვეყნის ინფრასტრუქტურის, განათლების ხარისხის, მცირე და საშუალო მეწარმეთა გაძლიერების, მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობის და ჩვენი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი სეგმენტების, როგორიცაა ქალები, ბავშვები და შშმ პირების დახმარებისათვის;

შეშფოთებით ვადევნებთ თვალს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახლა ინიცირებას საქართველოს პარლამენტში, რომელიც გაწვეულ იქნა გასულ წელს;

ვითვალისწინებთ ჩვენი უახლოესი მოკავშირეებისა და სტრატეგიული პარტნიორების, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც ჩვენი სუვერენიტეტისა და დემოკრატიული გარდაქმნის მტკიცე მხარდამჭერები არიან და რომლებიც აცხადებენ, რომ მოცემული კანონპროექტის მიღება შეუსაბამოა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან და წინააღმდეგობაში მოვა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მცდელობებთან;

არ შეგვიძლია არ დავეთანხმოთ მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად სპეციალური, დამატებითი რეგისტრაციისა და საგანგებო რეესტრის შემოღების საჭიროებას, სადაც მათ მიენიჭებათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის იარლიყი;

ვიზიარებთ შეშფოთებას, რომ აღნიშნული კანონი, ძალაში შესვლის შემდგომ, გააღვივებს ეჭვსა და უნდობლობას ამ ორგანიზაციების მიმართ და მოახდენს მათ სტიგმატიზებას, რაც შეაფერხებს მათ საქმიანობას.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებთ, მოვუწოდებთ პარლამენტს, გულდასმით აწონოს ამ კანონპროექტის მიღებით გამოწვეული შედეგები და თავი შეიკავოს იმგვარი ქმედებებისგან, რაც კიდევ უფრო გაზრდის პოლარიზებას ჩვენს საზოგადოებაში და დააზიანებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას".

განცხადებას ხელს აწერენ:

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC)
ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში (AmCham)
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება | DWV
საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა (CCIFG)
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია
საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია
საქართველოს გადამხდელთა კავშირი


close დახურვა