უკრაინის სამხედრო მეთაურის ანდრეი ბილეცკის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან წარმატებული კონტრშეტევის შედეგად დიდი რაოდენობით რუსი მებრძოლები გაანადგურეს.
უკრაინის მესამე თავდასხმის ბრიგადის მეთაურის თქმით, მათ ბახმუტის სიახლოვეს რუსეთის 72-ე ბრიგადის დანაყოფები დაამარცხეს. მეთაური მოკლული რუსი სამხედროების რიცხვს არ ასახელებს.
ბილეცკის თქმით, "რუსეთის მე-6 და მე-8 დანაყოფები სრულად განადგურდა", ასევე განადგურებულია დიდი რაოდენობით ჯავშანტრანსპორტი.
მისი ცნობით, "ვაგნერის მე-3 შეტევის დანაყოფს ასევე დიდი დანაკარგები აქვს" და ტყვედ აიყვანეს რუსი სამხედროების დიდი ნაწილი.
თავდასხმითი ოპერაციის შედეგად უკრაინამ რუსეთის ძალებისგან სრულად გაათავისუფლა 3 კმ-ის სიგანისა და 2.6 კმ-ის სიღრმის ფართობი. თუმცა უკრაინა ზუსტ ლოკაციას არ ასაჯაროებს.
უკვე რამდენიმე თვეა ბახმუტში შეტაკებები მიმდინარეობს. ტერიტორიაზე რუს სამხედროებთან ერთად რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფიც იბრძვის. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა ბახმუტში წარმატებისთვის დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და საბრძოლო რესურსები გამოყო, ქალაქზე კონტროლს ამ დრომდე ვერ ამყარებენ.
9 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ უკრაინა ბახმუტის მიმართულებით ფლანგებს არღვევს და "მალე კონტრშეტევაზე გადავა".
29 აპრილს რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ულტიმატუმი წაუყენა, რომ თუ ვაგნერის სამხედროებისთვის ტყვია-წამლის დეფიციტის პრობლემა არ გადაიჭრებოდა, მისი დანაყოფები იძულებულები იქნებოდნენ, გამოსულიყვნენ უკრაინის ქალაქ ბახმუტიდან.
მოგვიანებით, 2 მაისს, პრიგოჟინმა თქვა: "თუ კომპანია ვაგნერი დაიღუპება, ეს არ მოხდება უკრაინის არმიის ან NATO-ს ხელით".
5 მაისს მან ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მისი თქმით, გარდაცვლილი "ვაგნერელები" ჩანან.
გავრცელებულ ვიდეოში პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავდა და რუსული ჯარის ხელმძღვანელობას [თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს] აგინებდა.
5 მაისს ღამით პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერელები ბახმუტს 10 მაისს დატოვებდნენ. ის უკრაინის ქალაქის დატოვებას სამხედრო შეიარაღების უქონლობას უკავშირებდა. როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბოლო 1 თვის განმავლობაში დაქირავებულ მებრძოლებს საჭირო შეიარაღების მხოლოდ 10%-ს აწვდის.
6 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ მზად იყო, 10 მაისიდან მის მებრძოლებს თავიანთი პოზიციები ჩეჩნურ სპეცდანიშნულების რაზმის ახმატისთვის გადაეცათ.
7 მაისს კი ვაგნერის დამფუძნებელმა თქვა, რომ მიიღო საბრძოლო ინსტრუქციები და პირობა, სავარაუდოდ, თავდაცვის სამინისტროსგან, რომ ვაგნერის სამხედროები მიიღებენ იმდენ ტყვია-წამალსა და იარაღს, რამდენიც დასჭირდებათ.