logo
ENG



ბიუროს სხდომა, სადაც ინსპექტორზე ლელოს კანონპროექტი უნდა დარეგისტრირებულიყო, ჩაიშალა

28 დეკ 202111:23
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/28/neh8mmogyryqgfe.jpg

ბიუროს სხდომა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ლელოს ალტერნატიული კანონპროექტი უნდა დარეგისტრირებულიყო, ჩაიშალა. სხდომაზე უმრავლესობის წევრები არ მივიდნენ და კვორუმი ვერ შედგა.

როგორც მოგვიანებით ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, ბიურო შეგნებულად არ ჩატარდა.

"ეს იყო ჩვენი მხრიდან პოლიტიკური სვლა ოპოზიციის საპასუხოდ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დროის გაწელვის გზით შემაფერხებელი ნაბიჯი გადაედგა ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით", - განაცხადა მდინარაძემ.

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება

შესაბამის კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. 

მას ორი უწყება ჩაანაცვლებს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ასევე, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ექნება. 

ახალი უწყების შექმნის შემდეგ ინსპექტორის სამსახურის მოქმედი თანამშრომლები გათავისუფლდებიან და ახალ უწყებებში არ დასაქმდებიან. 

ლონდა თოლორაიამ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს, ამის შესახებ მედიიდან გაიგო. 

მისი შეფასებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არის "მისი დასჯა დამოუკიდებლობის გამო". 

არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი "თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევის გამო" უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ.


close დახურვა