logo
ENG



ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ ხარაგაულის ტყე-პარკის ნაწილი 45 წლით გადაიფორმა

05 ოქტ 201919:20
3 წუთის საკითხავი
 
njdnnfvuavyl8hr.png

მთავრობამ ნორმატიული აქტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკის მენეჯმენტის საქმიანობა შეცვალა და ლიცენზია დაახლოებით 8 ათას ლარად გასცა. თუმცა, ობიექტების მშენებლობა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ იქამდე დაიწყო, ვიდრე ამის ნებართვას მიიღებდა.

„ფორმულას“ ჟურნალისტს პარკის რეინჯერი ტყის იმ ზონას აჩვენებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ 45-წლიანი იჯარით დაირეგისტრირა. 12 ათასი მ2 მიწის ნაკვეთი ზუსტად ივანიშვილის სახლის უკან მდებარეობს. ეროვნული ტყე-პარკის ამ ზონაში მოსახვედრად ერთადერთი გზა ბიძინა ივანიშვილის სახლზე გადის, შესაბამისად, დაცული ტერიტორია ივანიშვილის ეზო გახდა.

გარემოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსგან ეროვნული პარკის ტერიტორია კომპანია „აბასთუმანი 2019"-მა მიიღო, რომელიც თბილისში ჭავჭავაძის 39ა ნომერშია რეგისტრირებული - იქ, სადაც ივანიშვილის „ბანკი ქართუ" მდებარეობს. მისი 100%-იანი წილის მფლობელი ივანიშვილთან დაკავშირებული, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიაა. „აბასთუმანი 2019"-ის ხელმძღვანელი გელა კობერიძეა, რომელიც „ბლექ სი არენა ჯორჯიას" , „სისაიდის“, „რეესტრი XXI“-ს და ზესტაფონის ნავთობბაზა „თამზრამზის" მმართველიცაა. ყველა ამ კომპანიის მესაკუთრეების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას მიწა აღნაგობის უფლებით 30 სექტემბერს გადაეცა. 20 აგვისტოს პრემირ-მინისტრის ხელმოწერით შეიცვალა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმაც. სპეციალისტები ამბობენ, რომ საჯარო განხილვის გარეშე ამ ტიპის ცვლილებების გატარება დაუშვებელი იყო. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ივანიშვილის კომპანიამ აბასთუმანში მდინარე ოცხის ნაწილიც დაირეგისტრირა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მმართველი პარტიის ლიდერი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიას ისაკუთრებს. დაახლოებით 2 თვის წინ ვერტმფრენის დასაფრენი მოედნისთვის კლდე მოჭრეს.

ივანიშვილის კომპანიამ აბასთუმანში ტუბერკულოზის ცენტრი გააუქმა და იქ ახლა სასტუმროს აშენებს.


close დახურვა