საქართველოში მიმდიანარე საპროტესტო მოძრაობას მსოფლიოს მედია ეხმაურება. „ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინს ეჯიბრება", - ამ შინაარსის სტატიას აქვეყნებს „ვაშინგტონ ეგზამინერი". პუბლიკაციის ავტორი ტომ როგანი წერს, რომ ქართველმა ოლიგარქმა პუტინის მსგავსი ნაბიჯი მაშინ გადადგა, როდესაც პარტია „ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. სტატიაში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის შექმნილი „ვიკიპედიას" გვერდისა და ძვირადღირებული ამერიკელი პროპაგანდისტებისა, ივანიშვილს საქართველოს უკეთესი მომავლის იმედი არ აქვს. როგანი წერს, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე ოლიგარქის პარტია არაერთმა მისმა თანაგუნდელმა დატოვა. სტატიის ავტორის თქმით, მათ რიგებშია თამარ ჩუგოშვილი, რომელიც ორი კვირის წინ როგანს ივანიშვილის მმართველობისადმი კრიტიკის შერბილებას ურჩევდა.
თბილისში მიმდინარე საპროტესტო მუხტზე წერს „ვაშინგტონ პოსტიც". პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ათასობით დემონსტრანტი პოლიციამ წყლის ჭავლით დაშალა. დედაქალაქის მთავარ გამზირზე მომიტინგეები დაპირებული საარჩევნო რეფორმის ჩაგდებას აპროტესტებენ, ვკითხულობთ სტატიაში. ავტორი ხაზს უსვამს, რომ ეს დაპირება გადამწყვეტი იყო ზაფხულში თბილისში მომხდარი დაძაბულობის შესამსუბუქებლად, მაგრამ "ქართული ოცნების'' ბევრმა დეპუტატმა საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მისცა ხმა.
"შეკრებილების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „რადიო თავისუფლების" ევროპის ბიურო და თბილისში განვითარებულ მოვლენებს ვრცელ ფოტოკოლაჟს უძღვნის. პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ აქციის მონაწილეების გაფანტვა პოლიციამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მომიტინგეებმა პარლამენტის შესასვლელები პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების მოთხოვნით დაბლოკეს. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობას გამოეხმაურა „დოიჩე ველეც". სტატიაში წერია, რომ მასობრივი პროტესტი მაშინ დაიწყო, როდესაც მმართველმა პარტიამ დანაპირები უკან წაიღო და ხალხის მოთხოვნა არ შეასრულა. პუბლიკაციის ავტორი წერს, რომ დასავლეთი აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს, თავისმხრივ შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში კი ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის ღრმა იმედგაცრუებას აღიარებს.