logo
ENG



ბიძინა ივანიშვილის მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია

27 მარ 202020:25
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციის ინიციატივებს იწუნებს, თუმცა ამ დრომდე საკუთარი გეგმა კრიზისის დასაძლევად არ წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილის მთავრობას. მოსახლეობამ, ბიზნესმა, დარგის სპეციალისტებმა არ იციან, როგორ აპირებს ხელისუფლება კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შემსუბუქებას საკუთარი მოქალაქეებისთვის. 

ქართული ოცნება ამბობს, რომ დოკუმენტს მალე გაასაჯაროვებენ. მსგავსი დაპირება, პოსტ-პანდემიური სტრატეგიის დამტკიცების შესახებ კი ორ კვირაზე მეტია, ისმის. ექსპერტები ამბობენ, რომ კრიზისიდან დაძლევის გეგმის დროული შემუშავება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან შემდგომ დახმარების თხოვნა დონორებისთვის, შესაძლოა, ძალიან დაგვიანებული აღმოჩნდეს.

„ევროპულმა საქართველომ“ ანტიკრიზისული გეგმა გუშინ წარმოადგინა. რომლის მოცულობაც 5 მილიარდ 230 მილიონი ლარია. ოპოზიცია საბიუჯეტო ხარჯების შემცირების, საპენსიო ფონდის შენატანის დროებით შეჩერებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან თანხის მოზიდვის შემთხვევაში რეალისტურად მიიჩნევს ვაუჩერების სისტემის ამოქმედებას. „ევროპული საქართველოს“ ხედვით ხელისუფლება ჯერ არ დაინტერესებულა. ოპოზიცია კი მსჯელობისთვის მზადაა. 

ანტიკრიზისული გეგმის საკუთარი ვერსია წარმოადგინა პოლიტიკურმა გაერთიანება „ლელომაც“, მათი აზრით 6 მილიარდი ლარის რესურსის მობილიზების შემთხვევაში ქვეყანა კრიზისიდან გამოვა. ისინი ფიქრობენ, რომ სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად სახელმწიფომ 3 მილიარდი ლარის საგარანტიო ფონდი უნდა შექმნას, რის შემდეგაც მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტირება მოხდება. ასევე ლარის რყევების დასაბალანსებლად, ეროვნულმა ბანკმა სამი თვის განმავლობაში უნდა შემოიღოს ლარის საკურსო დერეფანი, განსაზღვროს ზედა და ქვედა ზღვარი. 

ეროვნული ბანკის მხრიდან ინტერვენციის საჭიროებაზე მიუთითებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. 

ექსპერტები ხელისუფლებას გეგმის დროულად გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ, რათა კრიზისისგან გამოწვეული პანიკა დასრულდეს. სპეციალისტები ფიქრობენ რომ ხელისუფლება ხედვის წარმოდგენას იმის გამო აჭიანურებს, რომ შეცდომების დაშვების ეშინია. 

მთავრობას კონკრეტული წინადადებები საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგაც არ გაუსაჯაროვებია.


close დახურვა