logo
ENG



ბლინკენი: აშშ-ს აქვს სამოქმედო გეგმა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში

26 სექ 202210:46
3 წუთის საკითხავი
 
ბლინკენი: აშშ-ს აქვს სამოქმედო გეგმა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში. ამის შესახებ მან CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ბლინკენის თქმით, პუტინის რიტორიკა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით "უპასუხისმგებლოა". მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოსკოვმა გაიგოს, რომ შედეგები საშინელი იქნება.

"ჩვენ მოვისმინეთ ბევრი უპასუხისმგებლო რიტორიკა ვლადიმერ პუტინისგან, მაგრამ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ყველანი ვიმოქმედებთ პასუხისმგებლობით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ამგვარ რიტორიკას. პუტინს აქვს ნათელი გამოსავალი ომიდან, რომელიც დაიწყო - უნდა დაასრულოს. ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას კატასტროფული შედეგი მოჰყვება - რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის, რომელიც იყენებს მას - მაგრამ ასევე სხვა ქვეყნებისთვისაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვმა გაიგოს ჩვენგან და იცოდეს, რომ შედეგები იქნება საშინელი და ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ", - თქვა ბლინკენმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს თქვა, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, მზადაა ის გამოიყენოს. გამოსვლაში პუტინი დასავლეთის ქვეყნებს დაემუქრა და თქვა, რომ "ბირთვული იარაღით რუსეთის შანტაჟს ვინც ცდილობს, უნდა იცოდეს, რომ ეს შესაძლოა, მათი მიმართულებით შებრუნდეს".

ამავე დღეს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნულ ქმედებას "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელი" ნაბიჯი უწოდა.


close დახურვა