ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აშშ ქართველი ხალხის მხარდამჭერად რჩება.
როგორც ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, 15 წლის წინ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა, რის შედეგადაც მოხდა ქვეყნის ტერიტორიების 20%-ს ოკუპაცია, ხოლო ხალხი კრემლის ქმედებებისგან ამ დრომდე ზარალდება.
ბლინკენი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და ამერიკა თავის მხრივ ოფიციალურ მოსკოვს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს.
"15 წლის წინ რუსეთი შემიჭრა სუვერენულ საქართველოში და მისი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ქმედებებმა სამუდამოდ შეცვალეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრება. უღრმესი პატივისცემით და გულითადი თანაგრძნობით ვიხსენებთ დაღუპულებს, დაჭრილებს და დევნილებს რუსული ჯარის მიერ.
რუსეთის ქმედებები ოკუპაციის დროს, მათ შორის კრემლის მავნე დეზინფორმაციული კამპანიები, ე.წ. ბორდერიზაცია და მასობრივი დევნა, კვლავ წარმოუდგენელ სირთულეებს იწვევს. ისევე, როგორც უკრაინაში, ქართველი ხალხი დაზარალდა იმის გამო, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართალს პატივს არ სცემს და მეზობლებზე დომინირების სურვილი აქვს.
შეერთებულ შტატებს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დააკისროს რუსეთის პასუხისმგებლობა, რომელიც მან აიღო 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმების ფარგლებში, გაიყვანოს მისი ჯარი კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე არ შეაფერხოს ჰუმანიტარული დახმარების მიღება. რუსეთმა ასევე უნდა გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ქმედებები აუცილებელია იმისათვის, რომ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი უსაფრთხოდ დაბრუნდეს საკუთარ სახლებში და ღირსეულად იცხოვროს.
15 წლის შემდეგ, შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება ქართველი ხალხის მხარდამჭერად და ასევე მხარს უჭერს მათ მისწრაფებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, რადგან ისინი იცავენ თავიანთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ცდილობენ", - ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
***
2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.
2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.