აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ე.წ. რეფერენდუმები ფიქციაა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელებს სრული უფლება აქვთ თავიანთი მიწა დაიბრუნონ.
"ეს ე.წ. რეფერენდუმები ფიქციაა. ისინი [რუსები] მოდიან, აყენებენ მარიონეტულ მთავრობებს, ადგილობრივ ხელისუფლებას. შემდეგ კი "კენჭისყრას" იწყებენ, რომლითაც მაინც მანიპულირებენ," - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
ბლინკენის თქმით, კრემლი "რეფერენდუმის" შედეგების საფუძველზე შეეცდება უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობაში გამოაცხადოს. მაგრამ როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ამბობს, ამერიკის მხრიდან ეს ანექსია არასოდეს იქნება აღიარებული. მან განაცხადა, რომ უკრაინელებს სრული უფლება აქვთ თავიანთი მიწა დაიბრუნონ და სახელმწიფოს კანონიერი საზღვრები აღადგინონ.
ე.წ. რეფერენდუმები დროებით ოკუპირებული ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქის ნაწილებში 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.
21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრამდე, ხელი მოაწერა ბრძანებებს დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. აღნიშნული ორი სეპარატისტული სუბიექტი საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული.