აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონი ელის, რომ უნგრეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მომდევნო კვირებში დაამტკიცებს.
ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ ფინეთის და შვედეთის ალიანსში გაწევრიანება პუტინის სტრატეგიულ მარცხზე მიუთითებს და აჩვენებს, რომ NATO-ს კარი ყოველთვის ღია რჩება.
"პროცესი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, რეკორდულ დროში ჯერ ფინეთთან, ახლა შვედეთთან დაკავშირებით, აჩვენებს, რომ NATO-ს კარი ღია რჩება მათ შორის უკრაინისთვის, რომელიც გახდება NATO-ს წევრი. ეს ასევ ხაზს უსვამს, რომ პუტინის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ იყო რუსეთის საშინელი სტრატეგიული მარცხი, რამაც ფაქტობრივად, დააჩქარა ის, რის პრევენციასაც პუტინი ცდილობდა. მას სურდა NATO-ს დაპატარავება. ახლა ის უფრო დიდია და კიდევ უფრო დიდი გახდება.
პუტინს სურდა NATO-ს დასუსტება, ის უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ეს ყველაფერი მივა მნიშვნელოვან გარდატეხის წერტილამდე, როდესაც ვაშინგტონში, NATO-ს ისტორიული სამიტი ჩატარდება. გასული კვირის ბოლოს თურქეთმა დაამტკიცა შვედეთის გაწევრიანება NATO-ში, ახლა უნგრეთს მოუწევს მოქმედება, რათა დაასრულოს შვედეთის გაწევრიანების პროცესი. მე ველი, რომ ეს მომდევნო კვირებში მოხდება, როდესაც უნგრეთის პარლამენტი დაბრუნდება", - თქვა ბლინკენმა.
შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების ნაბიჯი 2022 წლის მაისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადადგა. ალიანში ახალი ქვეყნების მისაღებად ბლოკის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო. შვედეთის გაწევრიანებას კი უნგრეთი აფერხებს.