დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელ შეჭრასა და საქართველოს ოკუპაციის შესახებ ესაუბრა. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ ენტონი ბლინკენმა პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხელახლა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენულობისადმი.
"მდივანმა გამოხატა პატივისცემა ქართველი ხალხისა და პირადად პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერის გამოხატვისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, აშშ-ის მტკიცე ერთგულება საქართველოს სუვერენულობისა და ტერიტორიული ერთიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიული, მშვიდობიანი და დიდებული ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ სწრაფვაში", - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
"ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რათა მისთვის მადლობა გადამეხადა ქართველი ხალხის მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღმენიშნა, რომ აშშ ორივე ქვეყნის: უკრაინისა და საქართველოს სუვერენულობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს", - ტვიტერზე წერს ენტონი ბლინკენი.
Spoke with President @Zourabichvili_S to thank her for the people of Georgia’s support for Ukraine and to underscore the firm U.S. commitment to both Ukraine and Georgia’s sovereignty and territorial integrity.