logo
ENG



ბლინკენი: რუსეთის სცენარი უკრაინაში შესაჭრელად წინ მიდის, წვრთნების გაგრძელებაც ნიშანია

20 თებ 202220:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/20/xxpptki5t86d442.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი CNN-თან ამბობს, რომ რუსეთის სცენარი უკრაინის დასაპყრობად წინ მიიწევს და ამის ერთ-ერთი ნიშანი სამხედრო წვრთნების გაგრძელებაა.

"როგორც ჩვენ ავღწერეთ, ყველაფერი, რაც წინ შეიძლება უძღოდეს უკრაინაში ნამდვილად შეჭრას, ხდება. წვრთნების გაგრძელება კიდევ ერთი ნიშანია, რომ რუსეთი შესაჭრელად სცენას იმზადებს. მანამ, ამ კვირაში, ვიხილეთ სხვაზე გადაბრალების ოპერაციები და უკრაინის საზღვართან რუსეთის 150 000-ზე მეტი ჯარისკაცის მობილიზება. ახლა ისინი გამართლებას უძებნიან წვრთნების გაგრძელებას, რომელზეც თქვეს, რომ ამ დროისთვის დაასრულებდნენ." - ამბობს ენტონი ბლინკენი.

ბლინკენი ამბობს, რომ აშშ მაინც ყველანაირად ეცდება დიპლომატიური გზის გამონახვას. მისი თქმითვე, პრეზიდენტი ბაიდენი მზადაა ნებისმიერ დროს ისაუბროს პუტინთან.

დღეს ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ უკრაინასთან ახლოს რუსეთთან ერთად სამხედრო წვრთნებს დაგეგმილზე მეტ ხანს გააგრძელებენ.

ბელარუსის ოფიციალური პირების განცხადებით სამხედრო წვრთნები გაგრძელდება რუსეთის და ბელარუსის საზღვრებთან სამხედრო მოქმედებების ზრდის გამო და დონბასში სიტუაციის გამწვავების გამო.

"რუსეთის და ბელარუსის პრეზიდენტებმა გადაწყვიტეს გააგრძელონ გაერთიანებული ძალების მზაობის შემოწმების პროცესი" - თქვა ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა.

ბელარუსის და რუსეთის სამხედრო წვრთნები 10 დღეს უნდა გაგრძელებულიყო. გასულ კვირაში სერგეი ლავროვმა თქვა, რომ წვრთნები კვირას დასრულდებოდა. 

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა 15 თებერვალს თქვა, რომ "წვრთნების დასრულების შემდეგ რუსული ჯარები დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდებიან". 

იგორ კონაშენკოვის ამ განცხადებამდე, 14 თებერვალს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმაც განაცხადა, რომ წვრთნები, რომელშიც რუსეთის ჯარის უდიდესი ნაწილი მონაწილეობს, დასასრულს უახლოვდება. 


close დახურვა