logo
ENG



ბლინკენი ნატო-ს მინისტერიალზე: ჩვენ გვსურს ხელახალი სიცოცხლე შევძინოთ ალიანსს

24 მარ 202119:18
3 წუთის საკითხავი
clock 1169
2021/03/24/ctfii6slbk3h4p6.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნატო-ს მინისტერიალზე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საგარეო ხედვების შესახებ ისაუბრა და ამ მიმართულებით, განსაკუთრებით გამოჰყო ალიანსების, მათ შორის, ნატო-ს წინაშე არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები. 

ბლინკენმა საკუთარი გამოსვლა ბაიდენის მიერ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებების მოხმობით დაიწყო და კიდევ ერთხელ დაადასტურა ახალი ადმინისტრაციის ხედვა, ალიანსების გაძლიერებისა და პარტნიორობების გაფართოების მიმართულებით. 

"მე მოვედი აქ, რათა გამოვხატო შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულება ნატო-ს მიმართ", - განაცხადა ბლინკენმა, - "შეერთებულ შტატებს საკუთარი პარტნიორობის ხელახლა გაძლიერება სურს, განსაკუთრებით და უპირველეს ყოვლისა, ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად. ჩვენ გვსურს ხელახალი სიცოცხლე შევძინოთ ალიანსს". 

ბლინკენმა კოვიდპანდემიისა და გლობალური დათბობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბრის გარდა, ალიანსის წინაშე მდგარ სამხედრო საფრთხეებზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით ირანის, ჩინეთისა და რუსეთის ფაქტორები მიმოიხილა. 

"დავიწყებ ყველაზე გადაუდებელი საფრთხეებით, რომელიც ალიანსს უდგას. ჩემი ხედვით, შეგვიძლია საფრთხეები სამ კატეგორიად გავანაწილოთ. პირველი არის სხვა ქვეყნებიდან მომავალი სამხედრო საფრთხე. 

ჩვენ ამას ვაკვირდებით ახალ სამხედრო სტრატეგიასა და შესაძლებლობებში, რომელიც რუსეთს აქვს შემუშავებული, რაც გამოწვევის წინაშე აყენებს ჩვენს ალიანსს და საფრთხეს უქმნის წესებზე დამყარებულ წესრიგს, რაც ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების გარანტია. 

ამაში შედის მოსკოვის აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში, მის მიერ სამხედრო ძალების მოკრება, ფართომასშტაბიანი წრთვნები და ბალტიისა და შავი ზღვის მიდამოებში დაშინებისკენ მიმართული ქმედებები. მის მიერ ბირთვული შესაძლებლობების მოდერნიზაცია და კრიტიკოსების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება ნატო-ს მიწაზე", - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. 

ბლინკენის ვიზიტს ბრიუსელში წინ უსწრებდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტი მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც ბაიდენმა ახალი ადმინისტრაციის საგრეო ხედვებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მიზანი, ალიანსებისა და პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით. 


close დახურვა