აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რუსეთს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისკენ მოუწოდებს.
"რუსეთის ქმედების შედეგი საკვების იარაღად გადაქცევაა, მისი იარაღად გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში. შეთანხმება უნდა აღდგეს, რაც შეიძლება სწრაფად. იმედი მაქვს, რომ ყველა ქვეყანა მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს. ისინი დაინახავენ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია იმაზე, რომ ის მსოფლიოს მასშტაბით უარს ეუბნება საკვებზე იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ", - ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.
გუშინ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას აჩერებს. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილი არ შესრულდა.
13 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას დატოვებს. მან ასევე თქვა, რომ გაერომ ვერ შეძლო საკითხის ისე გადაწყვეტა, რომ დაკმაყოფილებულიყო რუსული მხარის მოთხოვნებიც.