logo
ENG



ბლინკენმა თქვა, რომ აშშ მხარს უჭერს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს

06 მარ 202217:00
3 წუთის საკითხავი
 
AP Photo/Sergei Grits

აღმოსავლეთ ევროპაში ტურის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოლდოვაში ჩავიდა. მან პრეზიდენტ მაია სანდუსთან და პრემიერ ნატალია გავრილიტასთან საუბარში თქვა, რომ აშშ მხარს უჭერს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს, მაგრამ "ამ პროცესს გადაწყვეტს ევროკავშირი".

ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მოლდოვის პრემიერმინისტრმა ნატალია გავრილიტამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის მტკიცე ერთგული რჩება და ხაზი გაუსვა მის დიდ სურვილს, მოლდოვა გახდეს ევროკავშირის წევრი. 

გავრილიტამ ასევე დაამატა, რომ ქვეყანა აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას:

"ამ გზაზე ჩვენ ვიცით, რომ შეგვიძლია შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის იმედი გვქონდეს".

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოლდოვაში ხელისუფლების წევრებთან შესახევდრად ჩავიდა, რათა უკრაინაში რუსეთის შეჭრით წარმოქმნილი ლტოლვილების კრიზისი განეხილა. 

ნატალია გავრილიტას ცნობით, უკრაინიდან მოლდოვას საზღვარი 230 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა, 120 000 კი ქვეყანაში რჩება:

"ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც მოლდოვაა, პროპორციულად ეს ძალიან დიდი რიცხვია. ამ ყველაფრის მართვა შესაძლებელი გახადა თითოეული ადამიანის, კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციების არაჩვეულებრივმა სოლიდარობამ".


close დახურვა