ქვეყანაში ბოლოს პერიოდში ძალადობა სულ უფრო შესამჩნევი ხდება. მას ვაწყდებით ყველგან - პოლიტიკაში, ქუჩაში, სოციალურ ქსელებში, კრიმინალური ავტორიტეტებიც პერიოდულად თავს გვახსენებენ და მეტიც, მათი მხარდამჭერები ქუჩაში გამოდიან და აქციებს მართავენ.
მძიმე წარსული ყველას ახსოვს - ბნელი ოთხმოცდაათიანი წლები, გაძარცვული და დაყაჩაღებული საქართველო, კრიმინალური გარჩევები და დისიდენტებზე გაცილებით მეტი კანონიერი ქურდი ქვეყანაში. კრიმინალური სუბკულტურა, რომელიც მეფობდა ყველგან და ეს ყველაფერი, ნებსით თუ უნებლიეთ, საზოგადოებისგან იყო წახალისებული. კრიმინალი აღწევდა ყველა ოჯახში, სრულად ჩამოშლილი იყო სახელმწიფო ინსტიტუტები და ქვეყანაში საკუთარ წესებს უბნური ბანდფორმირებები და საძმოები ადგენდნენ.
ამ წარსულმა საზოგადოებას მძიმე დაღი დაასვა, ბევრი ადამიანი, რომელსაც ოთხმოცდაათიანებში სახელი კრიმინალური კარიერით ჰქონდა განთქმული, ტრანსფორმირდა და დღეს საზოგადოების ნორმალური წევრია. თუმცა, ცუდი ისაა, რომ, როგორც ჩანს, ქვეყანაში ისევ სუფევს კრიმინალური სუბკულტურის რომანტიზმი. „დროების“ სიუჟეტში ნახავთ საზოგადოების განწყობებს, თუ რატომ იყვნენ და არიან „ძველი ბიჭები“ პოპულარულები.
